თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, მასში 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.
„ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული. დღეს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 762 ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ღირსეული და სტაბილური ეტაპი დაიწყება.
ამ ტერიტორიაზე მშენებლობა და განსახლების პროცესი გრძელდება – მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.
თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ჯამური ღირებულება, ინფრასტრუქტურის ჩათვლით, 255 მილიონი ლარია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო კომპანია „ანაგს“, თითოეულ მშენებელსა და ინჟინერს, რომლებმაც შექმნეს ეს არაჩვეულებრივი კომპლექსი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
