რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტი სიმართლე გასაჯაროვდება BBC-ის ტყუილ და არასწორ სტატიასთან დაშვრებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
ნინო წილოსანმა BBC-ის მასალის გამოქვეყნების შემდებ საჯარო გაჟღერებული არგუმენტები შეაფასა.
„ძაღლი არ მივიდა პატრონთან და არ მოეფერა, თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა, და ხეებს რომ ფოთლები დასცვივდა, თურმე, ეს არის სერიოზული არგუმენტი იმისა, რომ წყალში აკრძალული ნივთიერება იყო გარეული. რაც უფრო მეტად იმუშავებს გამოძიება, საზოგადოება მით უფრო დარწმუნდება, რომ ეს იყო სამწუხაროდ, BBC-ის მხრიდან აგორებული სერიოზული ანტიქართული კამპანია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
თემასთან დაკავშირებით აქციის მონაწილემ გიორგი რომელაშვილმა ერთ-ერთი არხის ეთერში განაცხადა, რომ „დარბევის მეორე დღეს ფოთლები სხვა შეფერილობის იყო და ქვებიც კი კოროზირდა“.
