იმის ნაცვლად, რომ სარკეში ჩაიხედოთ, მომხრეთა რიცხვი გაზარდოთ და მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოთ, რატომ იტყუებთ თავს და სხვებსაც ატყუებთ, რომ რადგან უმრავლესობას ვერ მივიმხრობთ, ამიტომ ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარებით დღე-დღეზე ძალადობრივად დავამხობთ მთავრობას და ისე მოვალთ ხელისუფლებაშიო?, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
ნანა კაკაბაძე ვრცელ პოსტში მიმოიხილავს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიას და ამ კონტექსტში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით კონკრეტულ კითხვებს სვამს.
„შეკითხვა აკაცუკებს: ტრამპი რუსეთის აგენტია?
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული სტრატეგიისგან. ახლო აღმოსავლეთზე მსჯელობისას, ახალი სტრატეგია მწვავედ კრიტიკულია ევროპელი მოკავშირეების მიმართ და ნათქვამია, რომ ევროპა „ცივილიზაციური ეროზიის“ რისკის წინაშეა. ტრამპის ადმინისტრაცია წინააღმდეგობაშია ევროპულ მთავრობებთან, რომლებსაც „უკრაინის ომთან დაკავშირებით არარეალისტური მოლოდინები აქვთ“. ამასთან, ევროპის ქვეყნების ლიდერები დოკუმენტში დახასიათებულნი არიან როგორც „უმცირესობის, არასტაბილური მთავრობები“.
„ფართო ევროპულ უმრავლესობას მშვიდობა სურს, თუმცა მათი სურვილი არ ითარგმნება პოლიტიკაში, დიდწილად ამ მთავრობების მიერ ძირგამოთხრილი დემოკრატიული პროცესის გამო“ – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დაგმობილია ევროპული მთავრობების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნა „ევროპის იმ პატრიოტული პარტიების მიმართ, რომელთა მხარდაჭერაც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა“.
ბაიდენის სტრატეგიისგან განსხვავებით, რომელშიც საუბარი იყო რუსეთის მიერ წამოწყებულ „არაპროვოცირებულ ომზე“ და მისი შეკავება ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად იყო დასახული, წლევანდელ ვერსიაში საუბარია მხოლოდ „უკრაინის ომზე“. ამასთან, ფაქტობრივად არის მოწოდება ევროპელებისადმი, რომ მათ აღადგინონ ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან.
დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ნატოს შესახებ ჩანაწერი, რომ მხარს უჭერს ნატოს გაფართოების შეწყვეტას, რასაც რუსეთი ბოლო 25 წელია მოითხოვს. ახალი სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიის წახალისება და თავისი პოლიტიკური სისტემის თავს მოხვევა რეგიონული პარტნიორებისთვის და ნაკლები აქცენტი გააკეთოს ამ ქვეყნების შიგნით ადამიანის უფლებების დარღვევებზე. „ეს უნდა იყოს მშვიდობის, მეგობრობისა და ინვესტიციის ადგილი“ – ნათქვამია დოკუმენტში.
მართალია, საქართველო არ მოიაზრება გეოგრაფიულად ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ ჩვენი ქვეყანაც იყოს „მშვიდობის, მეგობრობისა და ინვესტიციის ადგილი“? როგორ დავიჯეროთ, რომ თქვენ მართლა ადამიანის უფლებები გაწუხებთ და არა სხვა ანგარებიანი წუხილები (გულუბრყვილო გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), როდესაც იმ ხალხის გვერდით დგახართ, ვინც ამ უფლებების დარღვევები სისტემად აქცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს?
ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვიცით, რომ მას თვალი უჭირავს ჩვენი და სხვა მეზობლების გადაყლაპვაზე, ისიც ვიცით, რომ თქვენი აზრით, მხოლოდ რუსეთის სამხედრო დამარცხება, დაშლა ან საერთოდ პირისაგან მიწისა აღგვა იქნებოდა ასეთი საშიში მეზობლისგან დაცვის ერთადერთი ვარიანტი, მაგრამ თუ აშშ-ს ადმინისტრაცია ხვდება, რომ ეს შეუძლებელია მსოფლიო კატასტროფის გარეშე, თქვენ რატომ ხართ უფრო ჭკვიანები, უფრო მამაცები და უფრო შორსმჭვრეტელები? რატომ ებრძვით საკუთარ სახელმწიფოს (დიახ, სახელმწიფოს და არა მთავრობას), რატომ ცდილობთ მისი განვითარების შეჩერებას (ან შეფერხებას მაინც)?
იმის ნაცვლად, რომ სარკეში ჩაიხედოთ, მომხრეთა რიცხვი გაზარდოთ და მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოთ, რატომ იტყუებთ თავს და სხვებსაც ატყუებთ, რომ რადგან უმრავლესობას ვერ მივიმხრობთ, ამიტომ ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარებით დღე-დღეზე ძალადობრივად დავამხობთ მთავრობას და ისე მოვალთ ხელისუფლებაშიო? ხომ ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე თქვენი მოკლეფეხება ტყუილები მალევე მჟღავნდება და რაც არ უნდა ხმამაღლა და სისტემატურად იძახოთ უსაბუთოდ, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ძალადობრივი მიტინგები მშვიდობიანი იყო, რომ ქიმიური ნივთიერებებით მოგწამლათ ხელისუფლებამ და ა. შ., სიმართლე მაინც ყოველთვის იჩენს თავს და ამიტომაც ვერ მრავლდება თქვენი რამდენიმეათასიანი მრევლი, რომელიც, სამწუხაროდ, არქიფო სეთურის მრევლს დაემსგავსა? რატომ ვერ ხედავთ, რომ „ბიბისის“ პროვოკაციას დამაჯერებლად გაეცა პასუხი და ამ მედია საშუალებამ ბოლო წლებში შელახული საკუთარი რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეილახა? რატომ არ გიხარიათ და პირიქით, რატომ იბოღმებით, როცა იგებთ, რომ 2024 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 9%-იანი იყო, ხოლო წელს – 7.6%-ს, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველო მე-7 ადგილზეა და უსწრებს დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირის ყველა ქვეყანას, დანიის გარდა, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის სტაბილური ბიზნესის რეგულაციების რეიტინგში საქართველო მე-15 ადგილზეა, რაც ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე მაღალია, გარდა 4-ისა, რომ გლობალური რეიტინგების უმეტესობაში ის ზოგადად აღემატება ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანას?
რატომ ცდილობთ და გიხარიათ, რომ თქვენმა ევროპელმა მეგობრებმა ქვეყანას უვიზო მიმოსვლა გაუუქმონ (თქვენი ბოლო კოზირი!) და თუ ეს ვერ მოხერხდა, ხელისუფლების ჩინოვნიკების წინააღმდეგ მაინც დააწესონ ფართომასშტაბიანი სანქციები? მარაზმატიკი უილსონის და ვითომ მეგობარი ევროპელების იმედად რატომ გინდათ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა? სულ ერთი კვირის წინ არ იყო, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღფრთოვანება გამთქვა უკრაინელების მიერ შავ ზღვაში ორი რუსული ტანკერის აფეთქების გამო (რაც მკაცრად დაგმო თურქეთი პრეზიდენტმა ერდოღანმა), მაგრამ იქვე გააფრთხილა უკრაინელები, ასეთი რამ ბალტიის ზღვაში არ გააკეთოთ, რადგან ჩვენთვის საშიშიაო? სხვები თუ ზრუნავენ საკუთარ ქვეყანაზე, თქვენ რა დაგემართათ, რამ დაგბოღმათ და დაგაბრმავათ?
და ბოლოს, მთავარი შეკითხვა: ტრამპი რუსეთის აგენტია?“, – წერს ნანა კაკაბაძე.
