საადვოკატო საქმიანობა, ჩემთვის ყოველთვის იყო არამხოლოდ კანონების ცოდნა, არამედ, პასუხისმგებლობა, მუდმივი ბრძოლა და ღირსეული ხმის გაჟღერება სწორი სამართლებრივი პოზიციის მხარდაჭერით. ეს პროფესია ჩემთვის არის ბრძოლა თავისუფლებისთვის – არა ხმაურით, არა პოპულისტური განცხადებებით, არამედ, პროფესიული ეთიკით, მოსმენით, არგუმენტებით, კანონის სრული დაცვით, სამართლიანობის პრინციპებისადმი მუდმივი ერთგულებით, – განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, ადვოკატთა ასოციაციის ერთიანობის გაძლიერება და ამ ინსტიტუციაში თაობებს შორის ხელოვნური ბარიერი აღარ უნდა იყოს. ყანდაშვილის თქმით, ადვოკატებმა ერთმანეთს პროფესიული ცოდნა უნდა გაუზიარონ და ფართოდ გაუღონ კარი ახალ თაობას, რომლებსაც პროფესიული ერთობის განცდა პირადი მაგალითით უნდა უჩვენონ.
„დღეს როცა ვდგავარ თქვენ წინაშე, ვგრძნობ იმ საერთო ენერგიას, რომელიც ჩვენს პროფესიას აერთიანებს და აერთიანებდა ყოველთვის. ჩვენ, ყველანი, სხვადასხვა გამოცდილებით მოვდივართ, მაგრამ, ერთ კონკრეტულ რამეში, ვართ აბსოლუტურად ერთნი: ჩვენ, ყველას გვწამს, რომ ადვოკატის როლი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის უმთავრესი საყრდენია. დიახ, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არა დაყოფა ან ერთმანეთის დამცირება პროფესიის წარმომადგენლების მხრიდან, არამედ, ჩვენი ასოციაციის ერთიანობის გაძლიერება – ეს არის ჩვენი პროფესიის სიძლიერის გარანტია.
მეგობრებო, მე არავის ვუწოდებ ოპონენტს და კონკურენტს, ჩვენ ყველანი კოლეგები ვართ, მაგრამ ამ პროცესიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად აჟღერებენ, თითქოს, ყველაფერი თავიდან უნდა აშენდეს, რომ ძირეული რეფორმაა საჭირო და ძველი სახეები უნდა შეიცვალოს, თითქოს, თაობებს შორის ბარიერია და ხელოვნურად ხდება პროფესიის გახლეჩა და დაყოფა, რაც, თუ დავფიქრდებით, მხოლოდ ერთი ძალის ინტერესში შეიძლება შედიოდეს – ვისაც არ უნდა ერთიანი და ძლიერი ადვოკატის პროფესია საქართველოში, არამედ, უნდა, ადვოკატის პროფესია ემსახურებოდეს კონკრეტულ ძალას და კონკრეტულ ინტერესს.
ძვირფასო მეგობრებო, მკაფიოდ მინდა ვთქვა, ადვოკატის პროფესია თაობებს არ ყოფს, პროფესიული ღირსება ასაკს არ კითხულობს. მე არ ვიცი რას ნიშნავს “ძველგაზრდა” და ახალგაზრდა ადვოკატი, ადვოკატი არის ადვოკატი და წერტილი. მე, წლების წინ ახალბედა ადვოკატს, უფროსი თაობის კოლეგების ჩართულობით და მხარდაჭერით შემიყვარდა ეს პროფესია. მჯერა, რომ ასოციაციამ ამ პრინციპით უნდა გააგრძელოს არსებობა – ჩვენ უნდა ვასწავლოთ ერთმანეთს, გავზარდოთ ერთმანეთი და ფართოდ გავუღოთ კარი ახალ თაობას და მათ უნდა ჰქონდეთ განცდა პროფესიული ერთობის და მეგობრებო, ამას მხოლოდ პირადი მაგალითით თუ ვუჩვენებთ ერთმანეთს და არა დაყოფით, დაქსაქსვით და შიგნით დაპირისპირებით. ასოციაცია არ არის დასაყოფი ან გასაწმენდი, ის არის ერთიანობით გასაძლიერებელი – ამის სამსახურში, გვერდით მიგულეთ და ამ მისიით სწორედაც, როგორც კანდიდატი წარვდგები თქვენს წინაშე დღეს და 14 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ადვოკატის პროფესიის განვითარებას, დაუღალავი შრომა, სტრატეგიულად მართებული ნაბიჯების გადადგმა და თანამშრომლობა სჭირდება და არა სპონტანური, ემოციური ან ვიღაცის გულის მოსაგები განცხადებების გაჟღერება. ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა პროფესიის პოლიტიკისგან დაცილებას და აპოლიტიკურობის მნიშვნელობასაც.
„ძვირფასო მეგობრებო, აქვე, მინდა აღვნიშნო ახალი მიზნები, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციის გასაძლიერებლად არის საჭირო. ეს ახალი მიზნები, რომლებიც მართლაც ბევრია, ვერ განხორციელდება იქ და იმ გაერთიანებაში, სადაც კომუნიკაცია და კოლეგების ერთმანეთთან კავშირი ირღვევა და კონფლიქტია. პროფესიის განვითარებას, კონფლიქტი, პროფესიის შიგნით ურთიერთდაპირისპირება კი არა, არამედ, დაუღალავი შრომა, სტრატეგიული, სწორი, დროსა და სივრცეში, პროფესიის ხვალინდელი დღისთვის მართებული ნაბიჯების გადადგმა და თანამშრომლობა სჭირდება და არა სპონტანური, ემოციური, რომანტიკული თუ თუნდაც, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ვიღაცის გულის მოსაგები განცხადებების გაჟღერება. მეტსაც გეტყვით, პოლიტიკიდან დაცილება, აპოლიტიკურობა არის სწორი გზა პროფესიისთვის. უფრო კონკრეტულად, ჩვენი პროფესია აერთიანებს არაერთი პოლიტიკური გემოვნების მქონე პირს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია და მე, როგორც თავმჯდომარე, არჩევის შემდეგ, თითოეული ამ წევრის პროფესიული ინტერესის მხარდამჭერი ვიქნები. ვერ მივესალმები ამა თუ იმ წევრის გნებავთ პოლიტიკური ან ნებისმიერი ნიშნით დევნას და შევიწროებას. ყოველთვის ვიქნები ხისტი და პრინციპული თითოეული კოლეგის უფლების დაცვისას, თუმცა, პროფესია, როგორც ასეთი, ჩემი თავმჯდომარეობის დროს იქნება აპოლიტიკური და არავითარ შემთხვევაში არ და ვერ იქცევა რომელიმე ძალის ფილიალად თუ ინტერესების გამტარებელ ინსტიტუციად. თუმცა, პროფესიას ყოველთვის ექნება საჯარო პოლიტიკის ამა თუ იმ გამოვლინებასთან, რაც ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას ეხება, პროფესიული ხედვა და საჭიროების შემთხვევაში, ხისტი შეფასება.
ჩვენი პროფესიის წარმატება, ძვირფასო კოლეგებო, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ თანაბრად, ღირსეულად და დაბალანსებულად ვესაუბროთ ყველა მხარეს. დღეს მინდა დავადასტურო: ვიბრძოლებ ისეთი ასოციაციისთვის, სადაც არც ერთი ადვოკატი არ დარჩება პროცესების მიღმა, სადაც ყველა თაობა ერთ მაგიდასთან ვისხდებით – მე ჯერ ვერ გავარკვიე, ახალგაზრდა ვარ თუ ძველგაზრდა, მაგრამ მე ადვოკატი ვარ – ყველანი ერთად ვისხდებით ერთ მაგიდასთან, სადაც თანამშრომლობა ჩვენი ძალაა, ხოლო, პროფესიული ღირსება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. მე მჯერა ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ, ერთად შეგვიძლია და გავაძლიერებთ ასოციაციას, სადაც თითოეული ადვოკატის ხმა ისმის, სადაც პროფესია დაცულია, გამოცდილება და ახალი თაობა გვერდიგვერდ ჰარმონიულად დგანან და თანაარსებობენ, პროფესია დაფასებულია, ხოლო, ღირსება და დაუღალავი შრომა მიზნისკენ სვლაში იქნება მთავარი პრიორიტეტი.
და ბოლოს, ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა წინასწარ მოგმართოთ და გითხრათ მადლობა. მადლობა ჩემი სახელით, მადლობა გუნდის სახელით, მადლობა პროფესიული ინტერესის სახელით ყველა იმ კოლეგას, ვინც გვენდობა, მოგვცემს ხმას არჩევნებში და ჩვენ ერთად, პროფესიისთვის, 2025 წლის 14 დეკემბერს ერთად გავიმარჯვებთ!“, – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
