ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება არის სრულად შესაბამისობაში როგორც კონსტიტუციურ სტანდარტთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, შესაბამისად რაიმე სამართლებრივი წუნი ამ პროექტს არ აქვს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა შეუძლია ყველას, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სხვა ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.
„რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, იმ შემთხვევაში თუკი ამგვარი შეკრება ხელს უშლის მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობას, პოლიციას შესაძლებლობა ექნება, რომ სხვა გეზი მიუთითოს. ზუსტად იგივე პრინციპია, თუკი მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც არ არის საკმარისი რაოდენობა ადამიანების და გზა არ უნდა იკეტებოდეს, იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებსაც. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, რა თქმა უნდა მათ არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება.
ყველა ხომ შევთანხმდით, რომ 50-მა ადამიანმა ქუჩა არ უნდა გადაკეტოს? კარგია, რომ ეს ბოლოს და ბოლოს ჩარჩოში მოექცა და სამწუხაროდ საჭირო გახდა, რადიკალური ჯგუფებისთვის უფრო მკაცრი სანქციების შემოსულიყო. არ ემორჩილებოდნენ, იყენებდნენ გარკვეულ პროცედურულ ხრიკებს, რომ ჯარიმის გადახდა გაეწელათ და ა.შ. საკითხი მარტივია – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სხვების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე“, – აცხადებს პაპუაშვილი.
შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, დღეს პარლამენტში იმსჯელებენ.
