მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი. ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით. მთავარია, რომ პროტესტის მიზეზები არ არის აღმოფხვრილი, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების საკითხზე საუბრისას.
წიკლაურის თქმით, საპროტესტო მოძრაობისთვის კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია. მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, თუმცა პროტესტის საერთო სული ერთია.
„პატიოსანი პასუხი კითხვაზე – როდის, რა იქნება არ არსებობს. ზოგჯერ ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰგონია, რომ მარცხდება. ყველა იღლება, იფიტება და გონია, რომ დამარცხდება. აი, ზუსტად ამ დროს თუ გაძლებს საზოგადოება, მაშინ მოიპოვებს გამარჯვებას. განთიადი არის ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. წინააღმდეგობრივი მოძრაობის გატეხა ვერ მოხერხდა ვერანაირი საშუალებით.
4 ოქტომბერთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის იმ მოწოდებებთან დაკავშირებით, რომელიც დასკვნით ნაწილში იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ის სულისკვეთება, რაც 4 ოქტომბერს ადამიანებში არსებობდა, ის არის მიმართული იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალსა და თავისუფლებას.
პოლიტიკური ალტერნატივა რომ არ არსებობდეს, მაშინ არც კანონების მიღება მოუხდებოდათ, არც ვინმეს დაჭერა მოუწევდათ, არც ვიღაცების ქვეყნიდან გაყრა მოუწევდათ და არც ჩვენი თავების დახეთქვა დასჭირდებოდათ. მათ იციან, რომ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ნებისმიერ სამართლიან ბრძოლაში დაამარცხებს ივანიშვილს, უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ უსამართლო ბრძოლებში გამარჯვება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
