პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს მთავრობას ომში ჩაურევლობას არ პატიობენ. მაჭავარიანის თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწევთ შეეგუონ, რომ საქართველოს აგენტურული მთავრობა არ ეყოლება.
“უარს ვეუბნებით რაღაც-რაღაცებზე და განაწყენებულები არიან. კი, არ ვიომეთ, ჩვენი საომარი არ ყოფილა, თორემ ეგენი ჩვენ ვერ გვასწავლიან, როდის არის ჩვენი საომარი, გადახედონ ჩვენს ისტორიას, არავის მითითება ჩვენ მაგაზე არ გვჭირდება. ვერ გვპატიობენ. ან მოუწევთ, რომ გვაპატიონ, იმიტომ, რომ ძალიან ვჭირდებით, ან შეეგუონ, რომ აგენტურა ვერ მოჰყავთ, ვერც ლეგიტიმურად, ვერც არალეგიტიმურად, ან კიდევ, როგორი პროცესიც არის დაწყებული, აშშ რასაც მოუწოდებს ევროპელ ხალხს, რომ პატრიოტულ ძალებს მიეცით ხმაო, გამოიღვიძებს ევროპა და 2008-2030 წლისთვის რადიკალურად შეცვლილი იქნება სიტუაცია,” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
