11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, გურამ ოქროპირიძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს ის რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით გამართული კონფერენციის – “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები”, ფარგლებში.
კონფერენციაზე შემუშავდა 16 რეკომენდაცია, რომლითაც შესაბამის უწყებებს მიემართათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს განვითარების მიზნით. რეკომენდაციებს შორისაა:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგის და აღმზრდელის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრას;
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგისა და აღმზრდელის პროფესიაში შესვლის, პროფესიაში დარჩენის, პროფესიული გაძლიერების და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავებას და დანერგვას;
ბაგა-ბაღების აღსაზრდელებში ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებისა და ეროვნული ფოლკლორის, მულტიპლიკაციური გმირებისა და ეროვნული ავტორების პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ტრენინგ-მოდული (თუ კურიკულუმს დაემატოს) და სარეკომენდაციო სასწავლო რესურსების ნუსხა;
შეიქმნას და განხორციელდეს პროგრამები და ტრენინგ-მოდულები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგთა და აღმზრდელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად, რომელიც უზრუნველყოფს მათ განათლებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სსსმ და შშმ ბავშვების განვითარების შესახებ, რომელიც თეორიულ ნაწილთან ერთად, მოიცავს პრაქტიკულ სწავლებასაც.. და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ეკა სეფაშვილი არის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულების თემატური მომხსენებელი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში და სწორედ მისი კურატორობით მიმდინარეობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების საკითხზე მუშაობა, რა მიზანსაც ემსახურებოდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ინფორმაციის გაცვლა და სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა.
