ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ბოლო 4 წელია, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, კერძოდ, მას შემდეგ, როდესაც საქართველომ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე.
„ჩვენ მიჩვეული ვართ ამ უსამართლო მოპყრობას საქართველოს მიმართ და შესაბამისად, მომავალში რაზე იმსჯელებენ, რთული საპროგნოზო არ არის. ველოდებით ისევ ნეგატიურ კომენტარებს – „დემოკრატიის უკუსვლა“, „დაიქცა საქართველო“ და ასე შემდეგ, რაც მათ სჩვევიათ. თუმცა, დროა, რომ გამოფხიზლდეს ევროკავშირი, დროა გამოფხიზლდნენ ეს ევრობიუროკრატები და დრო არის, რომ ზოგადად, გამოფხიზლდეს ევროპელი ხალხი. გაიმარჯვოს საღმა აზრმა ევროპაში, როგორც გაიმარჯვა აშშ-ში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მიმართ აბსოლუტური იგნორია.
„ასეთი დამოკიდებულებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ ჩვენ მყარად ვიდგეთ. მათ უსაფუძვლო დეზინფორმაციას ვუპასუხოთ ფაქტებითა და არგუმენტებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აქ რევოლუციებს, „ენჯეო“ ორგანიზაციებს გვიფინანსებენ. ერთი დაგმობა ვერ მოვისმინეთ! ბოლოს და ბოლოს რა გახდა, რომ თქვან, ვემიჯნებით 4 ოქტომბერს სახელმწიფოს ძალადობრივი გადატრიალების მცდელობას. ევროკომისიის პრესსპიკერმა კი პირდაპირ აღუთქვა სოლიდარობა დამხობის იმ აქციას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ.
