„საზოგადოება დაიღალა „რუსულ თემაზე” ყვირილის პოლიტიკით და ითხოვს კომუნიკაციის არხების აღდგენას – მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების განუხრელი დაცვის ფარგლებში,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აშხაბადის ფორუმზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ყოფნას ეხმიანება. ის ასევე პასუხობს რადიკალების მხრიდან გაჟღერებულ ქილიკსა და კრიტიკას იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძე ესწრებოდა ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას ვლადიმერ პუტინიც იღებდა.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ფორუმი, გარდა იმისა, რომ მასზე პრემიერი შთამბეჭდავი სიტყვით წარსდგა, მნიშვნელოვანი იყო კობახიძისა და პუტინისა ერთ სივრცეში ყოფნით. ეს კი, ექსპერტის აზრით, შეიძლება განვიხილოთ როგორც ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა რუსეთთან დიალოგის დაწყების შესახებ.
„დასრულდა მორიგი „გრანდიოზული” შეშფოთებული აღშფოთება რუსთაველზე და შევაჯამოთ მორიგი პარანოია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქმენეთის ფორუმზე ღირსეული და დადებითი ვიზიტის გამო. თუ აშხაბადის ღონისძიებებს პუტინისა და კობახიძის ერთ სივრცეში ყოფნის კონტექსტში შევხედავთ – ეს არა მხოლოდ ოპოზიციური შიზოფრენიის, არამედ ქვეყნის უმრავლესობის დაკვეთის პრიზმაშიც უნდა გავაკეთოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რომელიც რუსეთთან დიალოგის დაწყებას მოითხოვს. მაშინ საერთო სურათი ხდება უფრო პრაგმატული და ნაკლებად ემოციური. ხოლო უმრავლესობის ეს დაკვეთა, კონტაქტების დაფუძნების აუცილებლობაზე არა „ღალატად“, არამედ საგარეო პოლიტიკის მომწიფების ნიშნად უნდა ჩავთვალოთ.
აქ ლოგიკა მარტივი და ცხოვრებისეულია: რუსეთი ჩვენი საზღვრებიდან არსად გაქრება – გეოგრაფია არ იცვლება; დიალოგის უსასრულობამდე კონსერვაცია ნიშნავს საკუთარი ინტერესების დაცვის ინსტრუმენტებზე უარის თქმას. საზოგადოება დაიღალა „რუსულ თემაზე” ყვირილის პოლიტიკით და ითხოვს კომუნიკაციის არხების აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების განუხრელი დაცვის ფარგლებში. ბოლო წლებში საზოგადოების უმრავლესობამ მკაფიოდ დაინახა, რით მთავრდება „ულტიმატუმების დიპლომატია“ – თვალწინ გვაქვს იმ ქვეყნების ბედი, რომლებიც სხვისი ომების არენად იქცნენ.
ჩვენ გვსურს სტაბილურობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური წინსვლა, და არა ლოზუნგები. ამიტომ ადრე თუ გვიან, რუსეთთანაც უნდა ამოქმედებულიყო ფორმულა: „ამ ეტაპზე, სანამ ოკუპაცია გრძელდება – მეგობრები არ ვართ, მაგრამ საუბარი არსებული სტატუს-ქვოს შესაცვლელად აუცილებელია“.
ასეთი მიდგომა ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანში აღიქმება როგორც გონივრული მინიმუმი, და არა იდეოლოგიური კაპიტულაცია. აშხაბადში არ ყოფილა დემონსტრაციული კომუნიკაცია, არ ყოფილა ქართული პოზიციის დამამცირებელი გამოვლინებები, არ ყოფილა ისტერიული – „ერთ დარბაზში ვერ ვიდგებით“ ტიპის ჟესტები. საქართველო კონფლიქტს არ ეძებს, მაგრამ რუკიდანაც არ ქრება. პატარა სახელმწიფოსთვის ეს გადარჩენის სტრატეგიაა, და არა სისუსტე. აშხაბადის ფორუმი და მისი ძირითადი თემა – ნეიტრალიტეტი, ნდობის აღდგენა, გადარჩენა ძლიერ ძალთა ცენტრებს შორის, ძალიან ზუსტად ერგება ქართული საზოგადოების უმრავლესობის შინაგან მოთხოვნას.
ჩვენს დეკლარირებულ პოზიციაში ინტუიციურად იგრძნობა, რომ სჯობს იყო პატარა, მაგრამ სუბიექტი, ვიდრე დიდი ინსტრუმენტი სხვის ხელში. სჯობს ყველასთან საუბრის რეჟიმი, ვიდრე სხვისი ინტერესებისთვის ომი.
ეს იყო ორი ქვეყნის ლიდერის ერთ პლატფორმაზე მოხვედრის პირველი შემთხვევა და ლოგიკური, ღირსეული და აუცილებელიც იყო ის, რომ ამ ეტაპზე არ ყოფილა დემონსტრაციული ხელის ჩამორთმევა, არ ყოფილა მოუმზადებელი და ამ ფორმატის ფარგლებში უადგილო განცხადებები „დათბობაზე“. ეს კი, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ რაიმე დამცირებისა თუ მკვეთრი ჟესტების გარეშე. ასე იქცევიან არა რევოლუციონერები და საკუთარი ქვეყნის უსამშობლო მტრები, არამედ სახელმწიფოს „მენეჯერები”.
აშხაბადი არ იყო დიალოგის დაწყების „ტრიგერი”, მაგრამ იყო ასეთი დიალოგის შესაძლებლობის დაწყება. და სწორედ ამას თვლის საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი აუცილებელ, დროულ და ერთადერთ გონივრულ გზად არა – რუსეთის მიმართ სიყვარულის გამო, არამედ – სახელმწიფოს თვითგადარჩენის ინსტინქტით,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
