რთულ წელიწადს ვასრულებთ ისე, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრაქტიკულად უკვე ნათელია, რომ მისი ხელისუფლება დგას რთულ, მაგრამ სწორ გზაზე, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა 2025 წლის შეჯამებისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი წელი იყო ასევე იმით, რომ „ჩვენ წელს ვამთავრებთ კვლავ სტაბილურობაში, კვლავ მშვიდობაში“.
„წლევანდელი წელი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი წელი იყო. პარლამენტის გადასახედიდან არის ჩემი უფლება და ვალდებულება, რომ ეს შევაფასო და ალბათ ესეც არის თქვენთვის საინტერესო. არაერთი უმნიშვნელოვანესი კანონია მიღებული, მათ შორის დღესაც. იქნება ეს ბავშვთა უფლებები, საკუთრების უფლება და სხვა. ჩვენ რთულ გარემოში მაინც ვცდილობთ, რომ ვიაროთ წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ ადგილას არ ვიყოთ გაჩერებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეალურად იმ ოპოზიციამ, რომელიც ბოიკოტს აცხადებდა, იდგა ქუჩაში, აბსოლუტურად ყველაფერი გამოცადა ქვეყნის წინააღმდეგ და ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ, ყველაფერი იკადრეს, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ და საბედნიეროდ, არცერთმა ამ გამოყენებულმა მეთოდმა თუ იარაღმა არ გაჭრა საიმისოდ, რომ ქვეყანაში არეულიყო ვითარება. ბოლოს ერთ-ერთი პარტია, გარეთ მდგარი დესტრუქციული ოპოზიციის ერთი ნაწილი, ბატონ გიორგი გახარიას პარტიას ვგულისხმობ, სიის მეორე თუ მესამე ნაწილის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში. მიზეზს კი არ ამბობენ სინამდვილეში რატომ შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ დასჭირდათ ეს იმისთვის, რათა საკუთარი პარტია შეენარჩუნებინათ და საერთოდ უთეთროდ არ დარჩენილიყვნენ. სხვა მიზეზი არ იყო მათი პარლამენტში შემოსვლის. არ დაგიმალავთ, იმედიანად ვიყავი, რომ გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, რადიკალური ფრთიდან შემოსული ოპოზიციაც გაჩნდებოდა ისეთი, რომელიც რაღაც გარკვეული ხარისხის სიძლიერეს აჩვენებდა, თუმცა დღევანდელმა მათმა გამოსვლებმაც აჩვენა ჩემთვის, რომ ეს არის ჯერჯერობით სუსტი ჯგუფი, ძალიან სუსტი ჯგუფი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, „დესტრუქციული ოპოზიცია მთლიანად ჩაიფუშა, ჩაფლავდა და აღარ არსებობს, რაც არსებობს აგერ არის და რას ყვირის თვითონ არ იცის“.
„მნიშვნელოვანი წელი იყო ასევე იმით, რომ ჩვენ წელს ვამთავრებთ კვლავ სტაბილურობაში, კვლავ მშვიდობაში. მადლობა ღმერთს ამისთვის და იმ ადამიანებს, ვინც „ქართულ ოცნებაში“ ძალიან მაგრად დგანან იმისთვის, რათა ეს რეალობა ასე ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდეს.
ასევე ჩვენ რთულ წელიწადს ვასრულებთ ისე, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრაქტიკულად უკვე ნათელია, რომ მისი ხელისუფლება დგას რთულ, მაგრამ სწორ გზაზე. დგას შესაძლოა არცთუ ისე პოპულარულ, მარტივ და ლამაზ ვითარებაში იმიტომ, რომ როდესაც გცემენ, გირტყამენ გარედან, არ არის ეს მარტივი, კარგი სანახავი, მაგრამ სწორ გზაზე მიუხედავად ყველაფრისა. აი, ეს მე ვფიქრობ, რომ წლევანდელი წლის ერთ-ერთი მთავარი ნიშანდობლივი მახასიათებელია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
