რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას, – ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა წამყვანის კითხვას, ევრობიუროკრატები ამბობენ, რომ ისინი ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ.
თეა წულუკიანის თქმით, ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე.
„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. თუ ოდნავ მაინც აქვს გამოცდილება პოლიტიკოსს, ის ძალიან უნდა მოუფრთხილდეს ხალხის სახელით საუბარს, რაც არ უნდა დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს არჩევნებში იმიტომ, რომ ეს ასე მარტივი საკითხი არ არის. თქვენ თუ დააკვირდებით ჩვენს გამოსვლებს, ნახავთ, რომ მეც მათ შორის, უფრო ხშირად ვსაუბრობ ამომრჩეველზე. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით. ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე. ამიტომ, ვისაც ასეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, მას შემიძლია მივუსამძიმრო, რომ სრულიად ერის სახელით შეუძლია ვინმეს ისაუბროს. ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომელიც იზიარებს იმ მიდგომებს, რაც ჩვენ გვაქვს.
როდესაც თქვენ მე მეკითხებით, ევროკავშირმა თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ევროპას უჭერს მხარს, ამაში ჩვენც გვიგულისხმა, მათ შორის მეც იმიტომ, რომ ჩვენ ვუჭერთ ევროპას მხარს. მე ევროპაში გავიზარდე, იქ მივიღე განათლება, ვიმუშავე ძალიან ბევრი წელი და ვემსახურე ევროპულ ადამიანის უფლებებს, იქაურ სტანდარტებს და ღირებულებებს, რომელიც ქართული ღირებულებებია, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ისინი თავად შორდებიან საკუთარ ღირებულებებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
