მინდა, ბატონ პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო ამ უმშვენიერეს, ჩვენთვის – ქართველებისთვის ძვირფას ქვეყანაში მოწვევისთვის. მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებ ბელგრადში, სერბეთში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ ბატონო ალექსანდარ, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში ეს პრეზიდენტის დონეზე პირველი ვიზიტია.
„ეს ურთიერთობები, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, კიდევ უფრო მეტად მჭიდრო უნდა გავხადოთ თქვენ ახსენეთ, რომ იგეგმება კომისიის შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყნისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. ჩვენ ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში ურთიერთობაზე, ახალგაზრდების ურთიერთობაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომელიც ორ ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობაში დაუგროვდა.
„აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის გამოცდილება, რომელიც თქვენც დაგიგროვდათ და ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ჩვენმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობა დღეს არც თუ ისე სახარბიელოა, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ის დამოკიდებულება ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ხშირად აქვთ ჩვენს ქვეყანასთან, არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის – სერბეთისთვის“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
