პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებაზე, „2016 წლიდან 2022 წლამდე ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ვესწრებოდი და არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო.”
მისი თქმით, ბორის ჯონსონის განცხადება ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების სიმართლეს, რომ დღემდე უძლებს საერთაშორისო ზეწოლას და შანტაჟს სხვადასხვა – ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის თუ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.
„ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ ბორის ჯონსონმა ურცხვად მოატყუა ამხელა ქვეყანა – უკრაინა და უკრაინელი ხალხი გაწირა ხოცვა-ჟლეტისთვის. მისი განცხადება ამტკიცებს ჩვენი ხელისუფლების სიმართლეს, რომ დღემდე ვუძლებთ გაუგონარ საერთაშორისო ზეწოლას და დღემდე მიმდინარეობს საქართველოზე უსირცხვილო შანტაჟი სხვადასხვა – ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის თუ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. აქვე აღვნიშნავ – გაცვდა ეს ინსტრუმენტები და სიმწვავე დაკარგა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
