ჩვენი საზომი არ არის ზელენსკი, ჩვენი საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა, გვერდში დავუდგეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა, საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის დაფუძნების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ყველა ქვეყანა ასე იქცევა. სხვა ქვეყნების გადაწყვეტილების განხილვაში ვერ შევალ. საქართველოს პოზიცია მხოლოდ იმის გამო შეიძლება, იყოს, გასაკვირი, თუ როგორ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს უკრაინის ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამის ფონზე ვიღაცას შეიძლება, გაუკვირდეს, მაინც რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ასე და მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ ვთქვით, ჩვენი საზომი არ არის ზელენსკი, ჩვენი საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა, გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
