ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად – ჩვენთან მიმართებაშიც. იძულებული ვიყავით, კულუარული ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან კომენტარი ბორის ჯონსონის განცხადებაზე გააკეთა, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების შანსი არც არასდროს ჰქონია.
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მსგავსი განცხადებები გასაკვირი არ არის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას მაშინ გვერდით დაუდგნენ.
„ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად – ჩვენთან მიმართებაშიც, კულუარულად. იძულებული ვიყავით, ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა და ჩვენი საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, თუ რას ითხოვდნენ ჩვენგან. ანალოგიური მოთხოვნა იყო უკრაინასთან მიმართებაში. გახსოვთ, პირველი ეტაპი, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებასთან იყო ახლოს მისული ეს ყველაფერი. შემდეგ, თუ არ ვცდები, არახამია იყო, ვინც გათქვა ეს საიდუმლო საუბარი, რომ ჯონსონი იყო ჩასული უკრაინაში და მან კატეგორიულად მოსთხოვა მათ, რომ არ დათანხმებოდნენ სამშვიდობო ხელშეკრულებას. ჩვენ ეს ყველაფერი შემდეგ გავიგეთ. ანალოგიური დამოკიდებულებით ხდება ყველაფერი – ერთია, საჯაროდ რას საუბრობენ ისინი და მეორეა, რას ახორციელებენ და რას ითხოვენ კულუარულად. ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამოიტანა“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

