რუსთავის მერიამ და რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.
კონფერენციაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს ექსპედიციისა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა, ექსპედიციის წევრებმა მათე ახალაიამ და ზურაბ მაღრაძემ.
რუსთავის ციხის ტერიტორიაზე ინტენსიური საველე კვლევის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა მრავალი არტეფაქტი, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის უნიკალური ნიმუშები, რომლებიც IX–X საუკუნეებით თარიღდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა რკინის სამი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი. რუსთავის სასახლის კვლევის დროს ნაპოვნი ისტორიული ნივთები ამ ეპოქის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია. საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტების გარდა, სასახლის მე-4 და მე-5 ოთახებში, IX-X საუკუნეებით დათარიღებული მოჭიქული ჭურჭელი იქნა ნანახი.
„რუსთავისთვის და ჩვენი გუნდისთვის 2025 წელი, არქეოლოგიური მიმართულებით გამორჩეული იყო. რუსთავში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ექსპედიცია ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის უძველესი ისტორიის დამადასტურებელი უნიკალური ნივთები იქნა აღმოჩენილი. დღეს გამართულ კონფერენციაზე შედეგები შევაჯამეთ, ასევე სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. ექსპედიცია ძალიან ბევრი მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი, პირველ რიგში იმით, რომ უნიკალურმა აღმოჩენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქალაქის დიდი ისტორია. რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე ჩატარებული ექსპედიცია მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ამ პროცესში ახალგაზრდები ჩაერთნენ და ჩვენი ქალაქის ისტორიული აღმოჩენების უშუალო მონაწილეები გახდნენ. კულტურის სამინისტროსთან ერთად, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს და მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წამოწყება გაიზიარა და ჩვენთან ერთად იყო. ასევე მადლობა იმ გეგმებისთვის, რომელსაც სამინისტროსთან ერთად, ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ღონიძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და დეპუტატები, არქეოლოგები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები და მოხალისეები დაესწრნენ.
რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და იქ არსებულ შუა საუკუნეებით დათარიღებულ სასახლეზე, რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები, მიმდინარე წლის ივლისში, რუსთავის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე დაიწყო.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს საგანძურზე ზრუნვა. წელს რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გვაქვს. მომავალ წელს არქეოლოგიური სამუშაოები უნდა გაგრძელდეს არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ივლისიდან დღემდე ექსპედიციამ, რომელშიც მოხალისეების სტატუსით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რუსთაველი მოსწავლეები, პროფესიონალი არქეოლოგები, რიგითი რუსთაველები იყვნენ ჩართულები, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გააკეთა. ამ აღმოჩენებს და ზოგადად, რუსთავში მიმდინარე ექსპედიციას, საკმაოდ ფართო გამოხმაურება ჰქონდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიასივრცეში. რუსთავის აღმოჩენებზე წერდნენ არქეოლოგიაზე სპეციალიზებული მედიაპლატფორმები, ფორუმები და სადისკუსიო ონლაინ პლატფორმები.
რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის პირველი ეტაპი დასრულდა. შუა საუკუნეების სასახლის კვლევა 2026 წელსაც გაგრძელდება.

