ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რა ძალმომრეობასა და შანტაჟს ეწევა ევროჩინოვნიკები, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის ანგარიშის კომენტირებისას, სადაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზეა საუბარი.
„ევრობიუროკრატიამ საქართველოსა და მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ანტიქართული სახე – ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევროსტრუქტურებიდან. რას გვთხოვენ ჩვენ? – გვთხოვენ, ქართველებს, რომ გავაუქმოთ გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, რომლითაც საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს იცავს; გავაუქმოთ არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობა, რაც წარმოადგენს აუცილებელ დაცვის მექანიზმს ჩვენი მომავალი თაობისთვის.
ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რა ძალმომრეობასა და შანტაჟს ეწევა ევროჩინოვნიკები იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა და ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რაც მათ სურთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

