საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, მიიზიდოს უცხოური ინვესტიციები, – განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ პოლიტოლოგმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, რეალიზმის ახალი თეორიის ავტორმა ჯონ მირშაიმერმა წამყვანის კითხვის საპასუხოდ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველომ.
პროფესორის თქმით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, ასევე ეროვნული ინტერესების დაცვისთვის გასაღები არის რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილება.
„ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, გამოიყენოს საქართველო მოსკოვისთვის პრობლემების შესაქმნელად. რუსებს კი აქვთ ინტერესი, რომ ევროკავშირი გაწიონ გვერდით, რაც შეიძლება შორს თავისგან. ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები მოწამლულია, ეს ახლო მომავალში არ შეიცვლება. საქართველო კი ამ დავის შუაში არ უნდა მოექცეს!
საქართველოს გარშემო ძალიან მყიფე ვითარებაა და თქვენ ძალიან რთული გზის გავლა გიწევთ. საქართველოს შეუძლია და მე მჯერა, რომ ის ამ გზას შესანიშნავად გაივლის. საქართველომ გამოიტანა დასკვნები 2008 წლის ომიდან. თუ საქართველო იქნება ფრთხილი და სტრატეგიულად ჭკვიანი, ამასთან ერთად საკმარისად იღბლიანიც, ის შეძლებს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ბალანსის პოლიტიკაა საჭირო. საქართველო, შესაბამისად ქმედების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი შედეგებით გააგრძელებს წინსვლას“, – აღნიშნა ჯონ მირშაიმერმა.

