ვიზალიბერალიზაციის თაობაზე არსებულმა ჩანაწერმა დაგვანახა, რომ ქართველ ხალხს ებრძვიან და ვერ იტანენ, რადგან მათთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღეს არჩევნებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებას ეხება.
ამასთან, როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის დაკვეთით მიიღო ყველა ის კანონი, რომელთა გაუქმებასაც მოითხოვენ.
„თავად სათავეშია პრობლემა, როცა ისინი კანონებსა და ქართველ ხალხს მიჯნავენ. ქართველი ხალხის დაკვეთა იყო, რომ ოჯახური ღირებულებები და გამჭვირვალობა ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი, რომლითაც ეს ქვეყანა განვითარდება და შევინარჩუნებთ. ამის საპირწონედ ვიზების გაუქმების მუქარა ქართველი ხალხის შეზღუდვაა“, – განაცხადა წილოსანმა.

