გლობალურ საერთაშორისო სისტემაში მიმდინარეობს ფუნდამენტური ცვლილებები, იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი, ამგვარი გარდაქმნების პირობებში, კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ საკითხში, ჩვენი დიპლომატების როლი გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში.
„ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი წარმატებული საქმიანობა ამ მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენი, დიპლომატების დამსახურება. იყო ძალიან სერიოზული მცდელობა გარე ძალების მხრიდან, საქართველო კვლავ ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ შევძელით ჩვენი პრინციპული პოზიციით ეროვნული ინტერესების დაცვა, ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სტაბილურობისა და პროგნოზირებადი პოლიტიკის მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებაზე და აღნიშნა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 9,8% შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას. ამ კუთხითაც გამორჩეული იყო მიმდინარე წელს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა და მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია. ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდა წელს და ბევრი რამ უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში. თქვენ, ქართველი დიპლომატები ხართ საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე, ხმა, რომელიც უნდა იყოს მტკიცე, არგუმენტირებული და ყოველთვის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, მინისტრის მოადგილეებს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მათ განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში.
ელჩების კონფერენცია 2025 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, რომელმაც დიპლომატებს პატრიარქის მიმართვა გააცნო.
























