ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ე.წ პროკურატურის პრესსამსახურმა განაცხადა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურა დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილია.
„გამოძიების თანახმად, სქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა, აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.
არსებული ცნობებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჯაშუშობის ბრალდება 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ეს პირი ამჟამად დაკავებულია და გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ახდენს“, – განაცხადეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პროკურატურაში.

