საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელთა მიზანი სპორტის განვითარება და ყველა მოქალაქისთვის სპორტული აქტივობის შესაძლებლობის შექმნაა.
„ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დავინახეთ, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს თითოეული მოქალაქისთვის. როგორც სპორტის მინისტრმა ბრძანა, დაგეგმილია, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გაკეთდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს მოგვცემს იმას, რომ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ბავშვებს ექნება შესაძლებლობა, რომ დაკავდნენ სპორტით. ჩვენ ამბიციური ერი ვართ – პატარა, მაგრამ ნიჭიერები. არ არსებობს სპორტის სახეობა, რომელშიც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს და წარმატება არ გვქონდეს. ეს ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია. ამიტომ ეს ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს მოემსახურება”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის ფარგლებში სასკოლო და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის როლზეც, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები სპორტით იქნებიან დაკავებული.
„ჩვენ გვინდა, რომ ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაბამისი გარემო, რომ დაკავდეს სპორტით. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა სახეობაში გვყავს მაგარი სპორტსმენები, ჩვენ გვინდა, რომ სამოყვარულო სპორტი მაღალ დონეზე იყოს და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სპორტით დაკავდეს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გეგმა და ამბიცია. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ამის სისტემატიზაცია, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სპორტსმენების აღზრდა. ეს ინფრასტრუქტურა ჩვენ ფედერაციებს, სასპორტო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა და წარმატების მიღწევა შეუქცევადი იყოს. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაღწევთ.
მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს. ვამაყობ, რა თქმა უნდა, მეც ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი, სპორტის ფასი რა არის და ვიცი, როგორც მოქალაქემ და გულშემატკივარმა, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს. ჩემო ძვირფასებო, ყველა ვემსახუროთ .სპორტს სპორტი უნდა იყოს ყველა სფეროში. მინდა, წარმატება ვუსურვო და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს, თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

