კოორდინირებული კამპანია პრემიერის ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც სურსათზე ფასების კლებას უკავშირდება – “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ გუშინდელმა დღემ მკაფიოდ გამოკვეთა ის მედიები, პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც საქართველოში ფასების კლებას ეწინააღმდეგებიან.
სოციალურ ქსელებში დაიწერა არაერთი სტატუსი და გამოითქვა არაერთი მწვავე კრიტიკული პოზიცია, “რადიო თავისუფლებამ” კი ირაკლი კობახიძის ინიციატივა ლუკაშენკოს ფრაზებსაც კი შეადარა.
ისტერია ხალხის კეთილდღეობის წინააღმდეგ – ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი. გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფები აკრიტიკებენ.
“ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე ლაპარაკი არ არის. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ “რევოლუციურ კომიტეტში”. რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი – ევროპული კვლევები, მსოფლიო ბანკის კვლევები – მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე – საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

