ბაჩო ახალაიას დღეს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დილით შესული იყო ადვოკატი, რომელიც დაკავებულს შეხვდა. სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებს ხელმძღვანელობდა და დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო.
გამოძიების ინფორმაციით, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. რაც შეეხება ანა ნადარეიშვილს, ის გათავისუფლებულია. სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც, რაიმე ფორმით დანაშაულში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გადატყდა ის იდეა, რასაც ჰქვია დამხობის პროცესი და ყველამ უნდა აგოს პასუხი.
“გადატყდა ის იდეა, რასაც ჰქვია დამხობის პროცესი და ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამ შემთხვევაში, საუბარია ბაჩანა ახალაიაზე, რომელსაც მისივე “ნაცმოძრაობაში”, ზოგიერთი მომხრეები თუ ახლანდელები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ის მონაწილეობდა ამ დამხობის პროცესებში და ახლა რაც ბრიფინგზე ვნახეთ, წუთების სიზუსტით გამოაცხადა უსაფრთხოების სამსახურმა ის მტკიცებულებები, სადაც ის როგორც ორგანიზატორი, პროცესებს ხელმძღვანელობდა 4 ოქტომბერს. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში იქნება ეს განცდა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ შენ მიდიხარ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და მითუმეტეს დამხობის პროცესში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

