მაღალი ალბათობით, ბაჩო ახალაია იყო ის პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობდა ძალადობრივ აქციას და ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობას, რომელიც ფიასკოთი დასრულდა, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე და ახალაიას საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ყველა, ვინც იძალადა საკუთარ ხალხზე, საკუთარ მოსახლეობაზე სათანადო პასუხი უნდა აგოს.
„საზოგადოებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბერს, კონკრეტული ქრონომეტრაჟით როგორ ხდებოდა ბაჩო ახალაიასა და უშუალოდ ძალადობაში მხილებული პირების ურთიერთკავშირი. მაღალი ალბათობით, ბაჩო ახალაია იყო ის პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ძალადობრივ აქციას და ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობას, რომელიც ფიასკოთი დასრულდა.
ბუნებრივია, ყველა, ვინც იძალადა საკუთარ ხალხზე, საკუთარ მოსახლეობაზე, უნდა აგოს სათანადო პასუხი. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, ამაში მისი ბრალეულობის დადასტურება, თუ გავითვალისწინებთ იმ წარსულ გამოცდილებას, რაც მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის კონკრეტულ ჯალათებს ჰქონდათ საკუთარი ხალხისა და ქვეყნისადმი. ამ შემთხვევაში არც ბაჩო ახალაიაა გამონაკლისი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

