ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე იაფფასიანი ადამიანები მაღალი ფასების მხარეს დგანან, – განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
მისი თქმით, ამ ადამიანებს ქართველი ხალხის ბედი სულაც არ ადარდებთ.
„ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე იაფფასიანი ადამიანები მაღალი ფასების მხარეს დგანან. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩააგდეს მათ ქვეყანა მთელი ამ წლების განმავლობაში და სულაც არ ადარდებთ ქართველი ხალხის ბედი. არც მისი ეროვნული უსაფრთხოება, არც ფასები და არც მათი ყოველდღიური ყოფა. გახსოვთ თქვენ, როგორ დარბოდნენ „ნაცბანდის“ წარმომადგენლები ფასების ჩამონათვალით ერთი პერიოდი, თითქოს ფასები აწუხებდათ, თითქოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე წუხდნენ და ახლა რა მდგომარეობაში, რა დღეში არიან.
როგორც კი გაჟღერდა ფასები ჩამოკლების თემა, მაშინვე ახმაურდნენ და გამოხტნენ, დაიწყეს თავიანთი მანიპულაციები ამ მიმართულებით – ის ხალხი, ვინც უამრავი, ათიათასობით ადამიანი ბინებიდან გამოყარა, უსახლკაროდ დატოვა და ქართველი ხალხის გაღარიბების, გაღატაკების ხარჯზე აიწყო თავისი ცხოვრება. იმ ადამიანებისგან გვესმის ახლა კრიტიკა პრემიერის ინიციატივაზე. ეს ხომ არის პირდაპირ ნონსენსი“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლება საქართველოს მთავრობის ამოცანაა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ ოპოზიციაში ქაოსი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე მაღალ ფასებს ოპოზიციასთან დაკავშირებული კომპანიები აწესებენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, ფასების შემცირების მიზნით. სურსათის ფასების შემცირების მიზნით, ბიზნესთან კონსულტაციები დაიწყება. საგაზაფხულო სესიიდან სპეციალური კომისია შეიქმნება პარლამენტში. ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს.

