თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა.
”მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რა გაკეთდა ბოლო ათი წლის განმავლობაში ფეხბურთის მიმართულებით. მე დავიწყებდი იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მშვიდობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, თუმცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი – „ქართული ოცნება“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, დავიცვათ მშვიდობა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა; ყველა წარმატება, რაც გვქონდა ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთში, სპორტში, შემთხვევითი არ არის. შემთხვევით არაფერი ხდება. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ახორციელებს.
მინდა, ყველა სპორტსმენს, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს, იმ სიხარულისთვის, რომელიც ქართველ ხალხს აჩუქეს. ყველას გვახსოვს ის შესანიშნავი წუთები, როდესაც სრულიად საქართველო თვალცრემლიანი და ბედნიერი იყო ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით. როგორი ბედნიერები ვიყავით, როდესაც ჯგუფიდან გავედით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წარმატება გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, მის გუნდს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რადგან სწორი მენეჯმენტით მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს თქვენი დიდი დამსახურებაა. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოდის სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე – როგორ გამოავლინოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები. ყველა პირობაა შექმნილი როგორც ფეხბურთის ფედერაციის, ისე ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იზრუნოს.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული სიყვარულისთვის სპორტის და ფეხბურთის მიმართ. ეს მხარდაჭერა იგრძნობა ყველაფერში – გაკეთებულ საქმეებში, სამომავლო პროექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს, კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება სპორტში”

























