რა თქმა უნდა, უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში, მადლობა ეთქმით ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად.
„ვხედავდით ჩვენ, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის, დადასტურდა, რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთ არის. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ, ვხედავდით, რომ აღმსრულებლები ვინც იყვნენ დაკავებული, არ იძლეოდნენ ჩვენებებს როგორც ჩანს და საბოლოო ჯამში გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა. ვნახეთ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ იყო შემსრულებელი და რა იყო მოტივი. ასე, რომ მადლობა ეთქმის ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ძალიან მძიმე და რთული საქმის გამოძიებამდე. რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ამ მკვლელობაში, დაკავებული იყოს. იცით, რომ რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას. ზოგი ევროპაშია ზოგი რუსეთში. ფარცხალაძის მიმართ, რამდენადაც ვიცით ჩვენ, მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, არის რუსეთის მოქალაქე, რაც რა თქმა უნდა, ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა და ძებნა გამოცხადდა.

