კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ სიცრუეში ადანაშაულებს და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
საუბარია „შაბათის ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც ხაინდრავას თქმით, ავტორი რამდენიმე ტყუილს მიზანმიმართულად ავრცელებს, მათ შორის მის ქონებასა და საქმიანობაზე.
იგი სასამართლოში მისთვის ზიანის ასანაზღაურებლად თანხის მოთხოვნას აპირებს, რომლითაც ფონდის შექმნას აანონსებს. მიზანი კი ცილისწამების შემთხვევებზე დაზარალებულების მხარდაჭერა იქნება. ხაინდრავა ასევე საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენას გეგმავს.
„21 დეკემბერს „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემ ოჯახზე. სადაც პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე იყო სიცრუე ყველაფერი. 16 ცილისმწამებლური განცხადება, რომელიც ამ სიუჟეტში იყო ჩემ მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი საქმიანობის მიმართ და ა.შ. იყო გაცხადებული იმის შესახებ, რომ მე, როგორც „ქართული ოცნების“ მყარმა პროპაგანდისტმა და ჩაბეტონებულმა პროპაგანდისტმა, საჩუქრად მივიღე ქართული ოცნებისგან“ მიწის ნაკვეთები სოფელ ქვემო ახალშენში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. რეალური სურათი არის შემდეგი, როდესაც ჩვენ, ჩვენმა კომპანიამ ეს ნაკვეთები შევიძინეთ მაშინ ის ადამიანი, ვინც ეს სიუჟეტი გააკეთა დაბადებული არ იყო. 35 წლის წინ მოხდა ეს ამბავი. ზუსტად ყველა სიტყვა, რომელიც არის ტრამპის საჩივარში, რომელიც შევიდა ანუ ცრუ, ცილისმწამებლური, შეცდომაში შემყვანი, ღირსების განზრახ შემლახავი, მაპროვოცირებელი, ბოროტგანზრახული წარმოჩენის გამო – აი, ეს ყველაფერი იყო განხორციელებული ჩემ მიმართ. შებღალული ჩემი ღირსება, პირადული ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობა.
აუცილებლად შევიტან სარჩელს სასამართლოში სადაც მოვითხოვ ყველა ტყუილზე თითო მილიონის გადახდას. ამ მთელ ფულს შევიტან ფონდში, რომელიც უნდა დავაარსო და დღეს, ოფიციალურად ვაცხადებ ამის შესახებ. დაარსდება ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს აი, ამ მედია-ტერორის და მედია-ფაშიზმის მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის ხელშეწყობას. მათი იურიდიული უფლებების აღდგენას. დავაყენებთ საკითხს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში იყოს შეტანილი მუხლი, რომლითაც გარანტირებული იქნება ცილისწამებისგან მოქალაქის დაცვა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

