2025 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
უწყების ინფორმაციით, საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაჯამეს განვლილი წელი და განიხილეს ქვეყნებს შორის მიმდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ხაზგასმით აღინიშნა, ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირების საკითხის სწრაფი გადაწყვეტისთვის.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.
მინისტრებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მოახლოებული ახალი წელი მიულოცა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების სურვილი გამოთქვა.

