საუკუნის პროექტი – რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა, – ახალი ჩქაროსნული გზა, რომელზეც მოძრაობა 30 დეკემბერს, საღამოს დაიწყება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად გახსნა.
მთავრობის მეთაურმა პროექტის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მაგისტრალის მშენებლობის პროცესში ჩართულ ყველა პროფესიონალს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
“ისტორიული მოვლენის მომსწრე ვართ თითოეული ჩვენგანი. დასრულდა საუკუნის პროექტი – რიკოთი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს არის ჩქაროსნული გზის ყველაზე რთული მონაკვეთი ყველა თვალსაზრისით. მისი მშენებლობა 2019 წელს დაიწყო; საინჟინრო-გეოლოგიური თუ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, პროექტი უპრეცედენტოა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ისტორიაში. ამას ადასტურებს ციფრებიც – აშენდა 52 კილომეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი. ეს მასშტაბი ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მაგისტრალური გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კილომეტრით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.
„აქ გადაადგილება იქნება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული. 4000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროექტზე, მათ შორის, უდიდესი უმრავლესობა იყვნენ სწორედ ჩვენი თანამოქალაქეები. ამ პროექტში იყო ჩართული ათასობით პროფესიონალი და თითოეულ მათგანს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ისინი არიან ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მშენებლები, თითოეული მათგანი იმსახურებს ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ მადლიერებას. ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს. რომ არა მათი დაუღალავი შრომა, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რიკოთის მაგისტრალის როლს ქვეყნის სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში. პრემიერის შეფასებით, ქვეყანას სჭირდება განვითარება და მსგავსი პროექტები ამის საუკეთესო საშუალებაა.
ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებს – აზიის განვითარების ბანკს (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) და მსოფლიო ბანკს (WB) პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბიერმან ლაჰმმა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
რიკოთის პროექტის დასრულების შედეგად, ავტოტრანსპორტი თბილისიდან სამტრედიამდე უწყვეტი, 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალით ისარგებლებს. გზა სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.




















