აშშ მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც მშვიდობის მისაღწევად არის საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პარიზში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უიტკოფმა საუბრის დაწყებამდე საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართა და მას საოცარი ადამიანი უწოდა.
უკრაინაზე საუბრისას კი უიტკოფმა აღნიშნა, რომ 7 იანვარს კვლავ შეხვდებიან უკრაინულ დელეგაციას უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობის დასასრულებლად.
ამასთან, უიტკოფის თქმით, ისინი ახლოს არიან „კეთილდღეობის შეთანხმებასთან”.
„მე ნამდვილად მინდა, ეს ვთქვა: ჩვენ აქ ვართ, რომ შუამავლობა გავუწიოთ და დავეხმაროთ სამშვიდობო პროცესში. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ მივაღწიოთ ამ წერტილს. პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ, გულმოდგინედ სჯერა, რომ ეს მკვლელობა უნდა შეჩერდეს, რომ ხოცვა-ჟლეტა უნდა შეჩერდეს“, – თქვა უიტკოფმა.
უიტკოფმა ასევე ისაუბრა უკრაინის სამომავლო შესაძლებლობებზეც.
„ეს შეთანხმება სამომავლოდ ნიშნავს დიდ შესაძლებლობებს უკრაინელი ხალხისთვის, ომიდან სახლში დაბრუნებული ადამიანებისთვის, რომლებიც იქ იპოვიან შესანიშნავ სამსახურებს. ჩვენ ამ საქმეში ვმუშაობთ BlackRock-თან და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისთვის“, – თქვა უიტკოფმა.
მედიასთან ასევე ისაუბრა ჯარედ კუშნერმაც. მისი თქმით, პარიზში გამართული შეხვედრა ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ მშვიდობისთვის „რეალური გარანტიებია“ საჭირო.
როგორც კუშნერმა თქვა, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მარ-ა-ლაგოში შეხვედრისას ვრცელი საუბარი გაიმართა უსაფრთხოების გარანტიებზე.
„ვფიქრობ, რომ მათ ნამდვილად გადაჭრეს უმეტესი თუ არა, ყველა საკითხი, რომელიც დარჩენილი იყო ამ თემაზე. უკრაინა თუ აპირებს საბოლოო შეთანხმებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ შეთანხმების შემდეგ ისინი უსაფრთხოდ არიან, მათ აქვთ ძლიერი შემაკავებელი და არსებობს რეალური გარანტიები, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს აღარ განმეორდება“, – თქვა კუშნერმა.

