ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ და მისმა მეუღლემ სილია ფლორესმა სხვადასხვა სახის დაზიანება ამერიკელი სამხედროებისგან გაქცევისას მიიღეს. ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა დენ კეინმა, გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა კონგრესმენების ჯგუფს კარაკასში განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიფინგი ჩაუტარეს, რომელიც ორი საათი გრძელდებოდა.
მადურო და ფლორესი გაიქცნენ და ცდილობდნენ დამალულიყვნენ რეზიდენციაში არსებული მძიმე რკინის კარების უკან, მაგრამ კარი დაბალი იყო, და მათ თავები მიარტყეს.
5 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო პროცესზე მადუროს და მის მეუღლეს თავსა და სხეულზე ტრავმები აღენიშნებოდათ. ფლორესის ადვოკატმა მოსამართლეს განუცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გატაცების დროს სერიოზული ტრავმები მიიღო. სავარაუდოდ, მას შეშუპება და ნეკნების მოტეხილობა აქვს. დაცვის მხარემ რენტგენის გადაღება და სრული სამედიცინო გამოკვლევა მოითხოვა.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, სასამართლო სხდომის დროს ფლორესს ფეხზე დგომა უჭირდა, დროდადრო ის თავს დაბლა ხრიდა. მას თავი გადახვეული ჰქონდა. მადუროს ადგომა და დაჯდომა უჭირდა. თეთრი სახლის წარმომადგენლებმა კონგრესში ჩატარებული ბრიფინგის დროს განაცხადეს, რომ მადუროს მეუღლის ტრავმები „უმნიშვნელოა“.

