ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება. ერთ-ერთი ბრალდებული პაედიატრი გიორგი ჩახუნაშვილია, რომელმაც სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„კადრებში მე ვარ, ვარ ეზოში, მაგას არც უარვყოფ. მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, იქ რომ შევედი, მე გადავარჩინე გარკვეული რაოდენობის ხალხი. დღესაც იგივეს გავაკეთებდი. მაშინ მე არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ეს ყველაფერი. იქ ხელს ვიქნევ, მაგრამ როგორ არის, იცით?! რეანიმაციული მოძრაობა და დახმარება არ ნიშნავს მხოლოდ პირში პირში სუნთქვას. სიმართლე გითხრათ, მე რას ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებებით იყო ჩატარებული, მეტი არაფერი. ეს მხოლოდ იმას გულისხმობს. ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე – „მოდი, გადი, აქეთ არ შემოხვიდე“ – ეს იყო ის, რაც მე სასიკეთოდ გავაკეთე, რათა ვინც იქ იმყოფებოდა, გადარჩენილიყო. მე რაც დავინახე იქ, ასხამდნენ, თორემ იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

