ევროკავშირმა, რომელიც ფინანსურ კრიზისშია, მილიარდობით ევრო გამოყო მემარცხენე ენჯეოებისთვის. ხალხს უკვირს რატომ, თუმცა, ამას აქვს სერიოზული მიზეზი: პირველი და მეორე მსოფლიო ომების მთავარი მიზეზი იყო პოლიტიკური ნაციების ბრძოლა პირველობისთვის. ამ ომების შედეგად ევროპამ დაკარგა პოზიციები, სამყარო გახდა ორპოლუსიანი აშშ-სსრკ. ამიტომ, ომის შემდეგ, ერთიანი ევროპის ავტორებისთვის ცხადი გახდა, გაერთიანება შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური ნაციის კონცეფციის შესუსტებით, ან სრულიად გაუქმებით, – წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
პროფესორი აღნიშნავს, რომ ამერიკისთვის არ არსებობს პრინციპული განსხვავება რუსეთსა და ევროკავშირს შორის და გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან, ორივესთან ერთნაირად შეუძლია კონფრონტაციაც და თანამშრომლობაც.
„ერთიანი ევროპა ჩაფიქრებული იყო, როგორც მესამე პოლუსი. პოლიტიკური ნაციის კონცეფციის წინააღმდეგ პოლიტიკური იდეოლოგიებიდან გამოდის მხოლოდ მარქსიზმი. ამიტომ ევროკავშირმა აირჩია ლენინის და საბჭოთა მარქსისტების გზა. მოგეხსენებათ, ლენინიც მარქსიზმის და რევოლუციის მთავარ მტრად თვლიდა რუსეთს, შესაბამისად ყველაფერს აკეთებდა რუსი ერის დასასუსტებლად. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო სხვათა შორის ბელორუსიის და უკრაინის რესპუბლიკების შექმნაც.
შეცდომები:
ევროკავშირის იდეოლოგებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ პოლიტიკური ნაციის პროექტის გაუქმებას და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შეეძლო ემუშავა მხოლოდ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში. დაუცველი საზღვრების გამო, უფასო სოციალური პაკეტებისთვის ჩრდილო აფრიკიდან და აზიიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დაიწყო მასობრივი ემიგრაცია რამაც ევროპას სერიოზული ეკონომიკური, დემოგრაფიული, კულტურული პრობლემები შეუქმნა.
გარდა მაგისა, როდესაც მემარცხენე იდეოლოგიას ირჩევ, იღებ მთელ მემარცხენე პაკეტს, რაც გულისხმობს კულტურის სფეროს სრულ იდეოლოგიზაციას მარქსისტული დოგმების მიხედვით, იდენტობის პოლიტიკას, რელიგიის დევნას, კონკურენციის და შეჯიბრებითობის პრინციპის გაუქმებას, სიტყვის თავისუფლების და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას. ამან საბოლოო ჯამში ნაკლებად კონკურენტული გახადა ევროკავშირი. არაკონკურენტუნარიანობა იზომება კონკრეტულ ციფრებში. მაგალითად ოცი წლის წინ ევროკავშირი ეკონომიკის მოცულობით უსწრებდა ამერიკას, დღეს კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ჰუმანიტარული სფერო განათლების სისტემა, სახელოვნებო სფერო მოიცვა არაკომპეტენტურმა ნეოკომკავშირელებმა, პარტისტორიის ინსტრუქტორებმა. ახალი ანთროპოლოგია, გენდერის კვლევები მეცნიერული კომუნიზმის თანამედროვე ვერსია. ეს ცვლილებები რეალურად მოხდა ბოლო 30წლის განმავლობაში და შეუქცევადად შეცვალა ევროპული სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ლანდშაფტი.
გეოპოლიტიკური ფაქტორი: ამასობაში მსოფლიო ჯერ ერთპოლუსიანი გახდა, ახლა ისევ ორპოლუსიანი აშშ-ჩინეთი. იზრდება ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია. რუსეთი არ აპირებს პოზიციების დათმობას. ევროკავშირმა დაუშვა შეცდომა როდესაც სტრატეგიად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აირჩია და ზედმეტად მიენდო ამერიკას. როგორც ახლა ირკვევა, ამერიკისთვის არ არსებობს პრინციპული განსხვავება რუსეთს და ევროკავშირს შორის. გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან ორივესთან ერთნაირად შეუძლია კონფრონტაციაც და თანამშრომლობაც.
რეალობა: მემარცხენე იდეოლოგია ევროკავშირს საბოლოო ჯამში იგივე შედეგამდე მიიყვანს რაც საბჭოთა კავშირს დამართა. მემარცხენე ენჯეოების დაფინანსება, ძალიან ჰგავს გვიანი საბჭოთა კავშირის მიერ მაშინდელ დასავლეთში კომპარტიების და კომუნისტური მედიის დაფინანსებას. იდეოლოგიური გამოფიტულობის და ეკონომიკური პრობლემების ფონზე ეს არ იმუშავებს”- წერს ჭოტორლიშვილი.

