მოლაპარაკებების დაწყებიდან 25 წლის შემდეგ ევროკავშირმა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ „ბიბისი“იტყობინება.
მერკოსურის სავაჭრო ბლოკთან შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაის და ურუგვაის, ევროპარლამენტის დამტკიცება სჭირდება.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ეს „ისტორიული დღეა“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მომხმარებლებსა და ბიზნესს.
„ჩვენმა შრომამ დღეს შედეგი გამოიღო. მივესალმები საბჭოს გადაწყვეტილებას. მოუთმენლად ველოდები ამ ისტორიული შეთანხმების ხელმოწერას. 25 წლის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ არსებით და ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებას, ეს შექმნის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს. დღეს ევროპამ ძლიერი სიგნალი გაგზავნა, რომ ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ საკუთარ პრიორიტეტებს, სამუშაო ადგილების შექმნისა და ევროპელი მომხმარებლებისა და ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხს. მერკოსურთან ერთად ჩვენ ვქმნით 700 მილიონი ადამიანისგან შემდგარ საერთო ბაზარს და უამრავ ახალ შესაძლებლობას. ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის ასეთია: პარტნიორობა ქმნის კეთილდღეობას, ხოლო ღიაობა – პროგრესს. დღეს 60 000 ევროპული კომპანია ახორციელებს ექსპორტს მერკოსურში, რომელთა ნახევარიც მცირე და საშუალო საწარმოა, რომლებიც ისარგებლებენ დაბალი ტარიფებით, დაზოგავენ ყოველწლიურად დაახლოებით ოთხ მილიარდ ევროს გადასახადებში და ისარგებლებენ გამარტივებული საბაჟო პროცედურებით. რაც მთავარია, ეს ასევე ჩვენს კომპანიებს მისცემს უკეთეს წვდომას კრიტიკულ ნედლეულზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ფერმერებმა შეთანხმების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს, მათ შორის საფრანგეთსა და ბელგიაში. ფერმერებმა ტრაქტორების გამოყენებით მსვლელობები და დემონსტრაციები გამართეს.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ მოისმინა ფერმერთა შეშფოთება და შესაბამისად იმოქმედა, მათ შორის შეთანხმებაში „მტკიცე გარანტიების“ შემოღებით ფერმერების საარსებო წყაროების დასაცავად.

