საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ Le Monde წერს.
როგორც Le Monde ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ლეკორნუმ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, ლორან ნუნესს დაავალა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა შეისწავლოს.
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, მუნიციპალური არჩევნების დროს, 15 და 22 მარტს ჩატარდეს.
წყაროების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა – „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ „მერკოსურის“ სავაჭრო შეთანხმების მიღების საპასუხოდ, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის მოთხოვნას გეგმავენ.

