აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა განაცხადა, რომ გერმანიაში იმ ექიმების მიმართ, ვინც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეებს ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისგან ათავისუფლებდნენ, სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კენედიმ, რომელიც ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმითაა ცნობილი, შაბათს პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს: „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ათასზე მეტ გერმანელ ექიმსა და მათ ათასობით პაციენტს ახლა სისხლისსამართლებრივი დევნა და დასჯა ემუქრებათ იმის გამო, რომ პანდემიის დროს პირბადის ტარებაზე ან კოვიდ-ვაქცინაციაზე უარის თქმის ცნობებს გასცემდნენ“.
პოსტში კენედიმ აღნიშნა, რომ მან წერილი მისწერა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს ნინა ვარკენს და „სამედიცინო ავტონომიის აღდგენა“ და „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დასრულება“ სთხოვა.
კენედის თავისი ბრალდებების დამადასტურებელი არავითარი წყარო არ წარმოუდგენია. ამასთან, მან ვარკენის გვარი შეცდომით დაწერა – „ვორკინი“.
გერმანელმა მინისტრმა თავისი კოლეგის ბრალდებები უკვე უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა.
„სიამოვნებით ავუხსნი მას ამას პირადად. კორონავირუსის პანდემიის დროს არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ვალდებულება, რომ ექიმებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაეტარებინათ. ვისაც სამედიცინო, ეთიკური თუ პირადი მიზეზების გამო არ სურდა ვაქცინაციის შეთავაზება, მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ და არც სასჯელის შიში უნდა ჰქონოდათ“, – დასძინა მინისტრმა.

