აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი აცხადებს, რომ უსაფრთხოების დეპარტამენტი მინესოტაში დამატებით ასობით ოფიცერს გაგზავნის.
„ფოქს ნიუსის“ გადაცემა Sunday Morning Futures-ში ნოემმა განაცხადა, რომ ოფიცრები მინესოტაში კვირას და ორშაბათს განლაგდებიან, რათა შტატში მყოფი იმიგრაციის, საბაჟო და სასაზღვრო პატრულის თანამშრომლების უსაფრთხოება გააძლიერონ.
მისივე თქმით, დაახლოებით 2 000 ფედერალური ოფიცერი უკვე ადგილზე იმყოფება.
„ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ, პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ქვეყანას კვლავ დიდებულს გახდის. ჩვენ კანონს დავიცავთ და ამერიკის მოქალაქეების უფლებებს წინა პლანზე დავაყენებთ. დღეს და ხვალ მეტ ოფიცერს ვაგზავნით, ისინი ჩამოვლენ. კიდევ ასობით იქნება, რათა ჩვენი საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მინეაპოლისში მუშაობენ, უსაფრთხოდ იყვნენ“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მომხდართან დაკავშირებით მინეაპოლისში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს.

