აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი, ირანელ მომიტინგეებს დაეხმაროს, – ამის შესახებ სტატიას „იერუსალიმ პოსტი“ აქვეყნებს.
გამოცემა რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა გადაწყვიტა, დაეხმაროს ირანელ მომიტინგეებს და ესკალაციის ფონზე სამხედრო, კიბერ და საკომუნიკაციო დახმარების ვარიანტებს განიხილავს.
„ტრამპმა არსებითად გადაწყვიტა, დაეხმაროს ირანში მომიტინგეებს. რაც მას ჯერ არ გადაუწყვეტია, არის „როგორ“ და „როდის““, – განაცხადეს მათ.
„სპექტრი მოიცავს სამხედრო ვარიანტს, კერძოდ, რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმებს, რეჟიმის წინააღმდეგ კიბერმხარდაჭერას და Starlink-ის სისტემების მიწოდებას მომიტინგეების დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ თვლის, რომ ირანის რეჟიმი იშლება, ის ნამდვილად ხედავს პრობლემებსა და ბზარებს, რომლებიც ერთი კვირის წინ არ არსებობდა“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „იერუსალიმ პოსტს“.
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გასულ დღეებში ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.

