31 იანვარს ტელეარხი Public Sénat-ი გამოაქვეყნებს საგამოძიებო ფილმს სახელწოდებით „გლუქსმანები, ერთი ოჯახის ისტორია“, – წერს ფრანგული გამოცემა Le Figaro.
„ყველა ოჯახს აქვს თავისი საიდუმლო. ის, რასაც გლუქსმანების ოჯახი ატარებს, ისტორიის ირონიას უსვამს ხაზს. ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ „არატიპურ ფრანგულ ოჯახს“ ეძღვნება, ააშკარავებს, რომ რაფაელ გლუქსმანის – მემარცხენე-ცენტრისტი ევროპარლამენტარისა და საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატის – ბაბუა კომინტერნის ჯაშუში იყო – კომუნისტური ინტერნაციონალისა, რომელიც ლენინმა 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ დააფუძნა“, – ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტ სტივ ჟურდენის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი, რომელიც Public Sénat-ის ეთერში 31 იანვარს გავა, ფარდას ჰხდის რუბენ გლუქსმანის არაჩვეულებრივ ცხოვრებისეულ გზას. რუბენი იყო მამა ფილოსოფოს ანდრე გლუქსმანისა. აღნიშნული ინფორმაცია ეკუთვნის გერმანელ ისტორიკოსს, რომელიც შემთხვევით დაინტერესდა ამ საბჭოთა აგენტით, რომელიც „სტალინის ხათრით გადაკვეთს ავსტრიას, პალესტინას, გერმანიას, საფრანგეთსა და ინგლისს“, რათა „ბოლშევიკური რევოლუციის ექსპორტი პლანეტის ყველა წერტილში მოახდინოს“.
„ეს ინფორმაცია განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს რუბენ გლუქსმანის შთამომავლების პოლიტიკური აქტივობების ფონზე. მისი ვაჟი ანდრე, რომელიც მხოლოდ სამი წლის იყო, როდესაც მამამისი 1940 წელს დაიღუპა, თავისი ინტელექტუალური ცხოვრების უდიდეს ნაწილს კომუნიზმის ტოტალიტარული გადახრების დაგმობას უთმობდა, როგორც სსრკ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შვილიშვილიც, თავის მხრივ, ანტიტოტალიტარული მემარცხენეობის მიმდევარია. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გვერდით, პოსტსაბჭოთა რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს სტატიის ავტორი.
„1880-იანი წლების ბოლოს, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე ებრაულ ოჯახში დაბადებული ბაბუა გლუქსმანი ძალიან მალე ეზიარა მარქსიზმს. იმ ეპოქის მრავალი ადამიანის მსგავსად, მან თანმიმდევრულად გაიზიარა ჯერ სიონისტური იდეოლოგია – პალესტინის მიწაზე სოციალისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეით, შემდეგ კი მარქსიზმ-ლენინიზმი, როდესაც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ლენინის ინსტრუქციების შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში კომუნისტური პარტია დააფუძნა“, – აღნიშნულია სტატიაში.
1920-იან წლებში კომინტერნმა საბოლოოდ გადაიბირა ეს პოლიგლოტი უტოპისტი. რუბენი ბოლშევიზმის ამ საიდუმლო არმიის თავდადებული ჯარისკაცი გახდა, რომელიც დასავლეთ ევროპას მოედო. 1940 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ მისი ვინაობა გამოააშკარავა, რის შემდეგაც ის გემით კანადაში გადაასახლეს. გემი ირლანდიის სანაპიროებს ვერ გასცდა – იგი გერმანელებმა ტორპედოთი ჩაძირეს. „ასე სრულდება რუბენ გლუქსმანის საიდუმლო“, – ასკვნის სტუდია Caméra Subjective-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.

