გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია ომის აქტი იქნებოდა, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა დავოსში „უკრაინული საუზმის“ დროს განაცხადა.
მისი თქმით, გაყინული რუსული აქტივების საკითხი ძალიან მგრძნობიარე თემაა.
„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ უკრაინის დაფინანსება ევროპის პასუხისმგებლობაა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ევროპა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებების მიღებისთვის „სილამაზის ჯილდოს“ ვერ მიიღებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შედეგი არსებობს: 90 მილიარდი უკრაინის დასაფინანსებლად“, – განაცხადა ბელგიის პრემიერმა.
როგორც ბარტ დე ვევერი აცხადებს, „სხვისი ფულის უბრალოდ წართმევა არ შეიძლება“.
„ჩვენ რუსეთთან ომში არ ვართ. ევროპა რუსეთთან არ იბრძვის. ჩვენ არ შეგვიძლია ფულის უბრალოდ კონფისკაცია, ეს ომის აქტი იქნებოდა. ეს ისტორიაში არასდროს მომხდარა. იმობილიზებული თანხის კონფისკაცია მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ მომხდარა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნებოდა და მას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, „უფასო არაფერია“ და აქტივები „განუსაზღვრელი ვადით გაყინეს“.
ბარტ დე ვევერი აცხადებს, რომ „ეს აქტივები მაგიდაზე იქნება, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება დაიდება“.
„ასეთ მომენტში მე ხმის უფლება მექნება და ამ თანხიდან ყოველი ევრო ვალების დაფარვასა და უკრაინის აღდგენას მოხმარდება. ძალიან დამწყდება გული, მოსკოვში თუნდაც ერთი ევრო თუ დაბრუნდება. მაგრამ ჩვენ საერთაშორისო სამართალს პატივი უნდა ვცეთ“, – აღნიშნა ბარტ დე ვევერმა.
