ძალიან დიდი ნდობა აქვს პლატფორმას MRS-ს მოდულს, როგორც შემსყიდველებში, ასევე კერძო სექტორში, MRS-ს მოდულის რეგისტრაციები ყოველდღიურად იზრდება და ბევრი ისეთი კომპანია დარეგისტრირებული, რომლებიც მანამდე სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში არ მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ რადიო „იმედის“ ეთერში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.
როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, ბაზრის კვლევის ახალმა ელექტრონულმა მოდულმა მცირე და საშუალო ბიზნესის აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
„ჩვენ ფაქტობრივად ვთქვით, რომ 9 მილიარდი ლარის შესყიდვა გამოდის 60 ათას ეკონომიკურ ოპერატორზე და ყველას შეგიძლიათ, თანაბრად მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. დიდი დაინტერესებაა. ბაზრის კვლევაში, საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, 2-3 კომპანია მონაწილეობდა. ახლა, შეიძლება, მივიღოთ 12-18 კომპანიის შემოთავაზება და ამ წინადადების დამუშავების საფუძველზე ხდება შესაბამისი შესყიდვის მომზადება. არის ძალიან დიდი დაინტერესება კერძო სექტორის მხრიდან. ძალიან დიდი ნდობა აქვს ამ პლატფორმას MRS-ს მოდულს, როგორც შემსყიდველებში, ასევე კერძო სექტორში. MRS-ს მოდულის რეგისტრაციები ყოველდღიურად იზრდება და ბევრი ისეთი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც მანამდე სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში არ მონაწილეობდნენ, არ ოპერირებდნენ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში და ნელ-ნელა კერძო სექტორის მიმწოდებლებიც გადმოვიდნენ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში“, – განაცხადა გურამ დუმბაძემ.
მისივე თქმით, ბევრი ახალი კომპანია გამოჩნდა ბაზარზე, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
„გამოჩნდა ბევრი კომპანია, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, სერვისი გაუწიონ სახელმწიფოს, კონკურენტული პირობები შესთავაზონ, რომელიც მანამდე კერძო სექტორს ემსახურებოდა და სახელმწიფო შესყიდვებით არ იყო დაინტერესებული. MRS-ს მოდული აძლევს საშუალებას, სამართლიან პირობებში მან მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა და გაიმარჯვოს ნებისმიერ სატენდერო პროცედურაში. მანიპულაციებს, კონკრეტული კომპანიების პრეფერენციებს, რაღაც მორგებებს ჩვენი რეფორმა ნულამდე ამცირებს. გამორიცხულია, ასეთი რამე განხორციელდეს პრაქტიკაში“, – განაცხადა გურამ დუმბაძემ.
