ამერიკის წინა ადმინისტრაციამ მძიმედ დააზიანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება. ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ, – განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს სუფთა ფურცელი გულისხმობს იმ უსამართლობების აღმოფხვრას, რაც აქამდე იყო მხარეებს შორის ურთიერთობაში.
„კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ, რომელიც იქნება წინასწარ განსაზღვრული ერთმანეთის ინტერესებზე დამყარებული ურთიერთობა. რაც შეეხება შეხვედრებს, სამუშაო შეხვედრები არც არასდროს შეწყვეტილა საგარეო უწყებებს შორის, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის, სამუშაო შეხვედრები გრძელდება, თუმცა, ჩვენთვის რა თქმა უნდა მთავარია პოლიტიკური დონე ამ ურთიერთობისა, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვას.
სუფთა ფურცელი გულისხმობს იმას, რომ ის, რაც არის ჩვენს ურთიერთობაში უსამართლო, ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას, მათ შორის ის ბრალდებები, რაც ჰელსინკის კომისიიდან გვესმის – ავიბენით უკვე, ჩინეთი, რუსეთი, ირანი… სამმაგი აგენტები ვართ ასე ვთქვათ მთელი სახელმწიფო, რომ დავუჯეროთ ბატონ [ჯო] უილსონს. ასეთი თავდასხმები, ქვეყნისა და ხალხის ლანძღვა, რომელიც გვესმის სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს. მთავარი, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი პოლიტიკის ღერძად გამოაცხადა – პოლიტიკის აწყობა არა გავლენებით და მავნე იდეოლოგიების თავს მოხვედით, არამედ ინტერესებით, რომელსაც ღიად ამბობს. ვხედავთ, რომ ყველასთან მიმართებით პოლიტიკაა, რომ ეუბნებიან ღიად, რა არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, ეკითხებიან რა არის მათი ინტერესი და ეძებენ, სად უნდა იყოს თანხვედრა ამ ინტერესების. ეს არის სწორედ დიპლომატია და არა თავს მოხვევა საკუთარი იდეოლოგიების“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – რა შინაარსი აქვს „ხელის ჩამორთმევის ფოტოებს“ აშშ-ის მაღალჩინოსნებთან, რომელიც მათ შორის დღეს მიხეილ ყაველაშვილმა გამოაქვეყნა, იმ ფონზე, როდესაც თქვენ აკრიტიკებდით სალომე ზურაბიშვილს ამგვარი ფოტოებისთვის – პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობის ინფორმირებას ემსახურება.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური თაღლითი.
„ის არის თვითმარქვია პრეზიდენტი, რომელიც დადის შტანდარტით და ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი. კომიკური მდგომარეობაა. ეს იყო ადრეც – კახელებმა იციან ეს ისტორია, ერთმა ადამიანმა როგორ გამოაცხადა თავი მეფედ და ერთ-ერთ ციხესიმაგრეში გამაგრდა. ასეთი მდგომარეობა გვაქვს. ამაზე უნდა გვეცინებოდეს, მაგრამ როგორ გაიცინებ, ამბობ, რომ გინდა ევროპული ოჯახის წევრი იყო და ხედავ, რომ ამ ოჯახიდან ადამიანები ამბობენ, რომ ის ნამდვილი პრეზიდენტია. ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმი მოუხდებოდა ამ მდგომარეობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
