როდესაც მილიონ 100 ათასი ადამიანი ირჩევს ხელისუფლებას და შენ არალეგიტიმურს უწოდებ, ქუჩაში ხალხი გამოგყავს, აზიანებ ქვეყანას, ეს უნდა იყოს ზუსტად დასჯადი, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებას სცდება ის, რასაც ოპონენტები საუბრობენ.
„ზოგადად, გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები. მაშინ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგო მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და შემდეგ დაიწყო მიტინგები, ქვეყნის ჯანჯღარი, ეკონომიკური ვარდნა, ლარის გაუფასურება. შემდეგ შარლ მიშელის ჩამოყვანა დაგვჭირდა ყველას, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში და მეტ-ნაკლებად ეღიარებინათ, ნაწილმა არც აღიარა საპარლამენტო შედეგები.
შემდეგ 2024 წელს რაც მოხდა, პირწმინდად მოვუგეთ, 600 ათასი ხმით დანარჩენ ოპოზიციას. ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოვუგეთ 600 ათასი ხმით ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას. მათ არალეგიტიმურად ცნეს არჩევნები, ისევ ქუჩაში გამოიყვანეს ხალხი, ისევ ქვეყნის ჯანჯღარი, ისევ ლარის გაუფასურება, ისევ ეკონომიკური ვარდნა მცირედით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში. იგივე თვითმმართველობის არჩევნები, მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ წააგეს, არაღიარება, გაყალბდა არჩევნები. ეს ყველაფერი არის ფაქტების გარეშე. ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დადეს ამ ბოლო ორ არჩევნებში განსაკუთრებით. ვერც წინაზე დადეს 2020-ში, განსაკუთრებით ბოლო ორ არჩევნებში. გამოდიხარ და იძახი, რომ არალეგიტიმური მთავრობაა და აზიანებ ქვეყანას. ამ ფრაზით, ამ სიტყვებით ხალხი ქუჩაში გამოგყავს, ამაში ერთვება მთელი ევროკავშირის ძირითადი წამყვანი ქვეყნები. მერე აზიანებ ქვეყანას, კონსტიტუციას, სუვერენიტეტს, ქართველ ხალხს, ეკონომიკას, ყველაფერს და ვინმემ ხომ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი.
როდესაც მილიონ 100 ათასი ადამიანი ირჩევს ხელისუფლებას და შენ არალეგიტიმურს უწოდებ, ქუჩაში ხალხი გამოგყავს, აზიანებ ქვეყანას, ეს უნდა იყოს ზუსტად დასჯადი“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
