საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოცემა El Pais-თან ინტერვიუს დროს ევროკავშირის გარშემო შექმნილ კრიზისულ ვითარებას და ბრიუსელის, ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობებს შეეხო.
„როდესაც კრიზისის პიკიდან გამოვედით და ტარიფების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, ერთგვარი ლაჩრული შვება ვიგრძენით. თუმცა, წამითაც არ იფიქროთ, რომ ყველაფერი დასრულდა. შეხედეთ, რა მოხდება ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით და ყველაფერს, რაც ჯერ კიდევ წინ გველის. ყოველდღე, ყოველ კვირას, ახალი მუქარები იქნება. გრენლანდიის გამო შეურაცხყოფასა და დაშინებას ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი მოულოდნელი უკან დახევა მოჰყვა.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ კრიზისი, რომელსაც ახლა განვიცდით, ღრმა გეოპოლიტიკური რღვევაა. ჩვენს წინაშეა ჩინური „ცუნამი“ სავაჭრო სფეროში და არასტაბილურობა ამერიკული მხრიდან. ეს ორი კრიზისი ევროპელებისთვის ღრმა შოკსა და გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. თუკი მხოლოდ მაყურებლის როლში ყოფნა გვსურს, ვასალებად ვიქცევით. თუ ჩინელებთან მიმართებით იმავეს გავაგრძელებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, გარწმუნებთ, ხუთ წელიწადში საერთოდ გავქრებით. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რასაც მე „გრენლანდიის მომენტს“ ვუწოდებდი – მომენტს, რომელმაც ევროპელებს უდავოდ აგრძნობინა საფრთხის არსებობა. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა მაკრონმა.
