საქართველო ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მონაწილეობს. საერთაშორისო პლატფორმაზე მსოფლიოს ლიდერები უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებსა და კურსზე ისაუბრა.
„გლობალური წესრიგის შესუსტება და ჰიბრიდული საფრთხეების ზრდა დღევანდელი უსაფრთხოების გარემოს სულ უფრო რთულს ხდის.
მე წარმოვადგენ ერს, რომელმაც კარგად იცის მშვიდობის ფასი, რადგან არაერთხელ გამოუცდია ომის მძიმე შედეგები.
მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც განსაკუთრებულად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა თავისი პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად აქცია.
საქართველო უძველესი ერია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი განსაცდელი გამოიარა, შეინარჩუნა ქრისტიანული და ტრადიციული ფასეულობები და დღესაც მტკიცედ იცავს ამ პრინციპებს.
დღევანდელ რთულ გარემოში სუვერენიტეტის ცნება კვლავ პოლიტიკური დებატების ცენტრში მოექცა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.
სუვერენიტეტი არ ნიშნავს იზოლაციას ან თანამშრომლობაზე უარის თქმას. იგი ნიშნავს პასუხისმგებლობას.
ეს არის სახელმწიფოების უფლება და ვალდებულება, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი ისტორიის, საკუთარი ინტერესებისა და საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიული ნების საფუძველზე.
ამ საფუძვლის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურა მდგრადი ვერ იქნება.
ბოლო წლებში საქართველო უპრეცედენტო საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა.
ჩვენ აღმოვჩნდით დემოკრატიის დაცვის სახელით განხორციელებული მიზანმიმართული და უსამართლო თავდასხმების წინაშე, რომელიც იყო რეალურად მიმართული ქართველი ხალხის ნების, მათი არჩეული ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ჩვენ ნათლად დავინახეთ, როგორ შეიძლება საერთაშორისო ინსტიტუტები და ჩვენი გულწრფელი ევროპული მისწრაფებები გამოყენებულ იქნეს სუვერენულ სახელმწიფოებზე ზეწოლის ინსტრუმენტად.
ჩვენ ასევე ვიხილეთ, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს შიდა საქმეებში საგარეო ჩარევამ და გარე აქტორების მონაწილეობამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში. ასეთ დროს საზოგადოების მდგრადობა და სიმწიფე ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმტკიცესი საყრდენია.
მიუხედავად დეზინფორმაციული კამპანიებისა და გარე ზეწოლისა, საქართველო იდგა მტკიცედ. ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკით ჩვენ პასუხისმგებლობით ვიმოქმედეთ, დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი და უზრუნველვყავით ჩვენი სახელმწიფოს მომავალი.
საქართველოს გამოცდილება ამას ნათლად ადასტურებს.
გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე, გადაუჭრელი კონფლიქტებისა და მუდმივი გარე ზეწოლის პირობებში, საქართველომ აირჩია სტაბილურობა და არა პროვოკაცია, დიალოგი და არა იზოლაცია, გრძელვადიანი ეროვნული ინტერესი და არა მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებელი.
ეს მიდგომა სისუსტის ნიშანი არ არის. აქ გადარჩენასა და მშვიდობაზეა საუბარი. საქართველოსთვის მშვიდობა არა აბსტრაქტული იდეალი, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობაა.
ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც გვახსენებს თუ რა არის კონფლიქტის ფასი და რამდენად მყიფეა უსაფრთხოება.
ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება და მომავალი ამ რეალობით არის განსაზღვრული.
სწორედ ამიტომ საქართველო აფასებს მშვიდობას არა მხოლოდ როგორც განვითარების და სტაბილურობის გზას, არამედ როგორც მორალურ და სტრატეგიულ იმპერატივს.
ჩვენ ხშირად ვაწყდებით უსამართლო კრიტიკას, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში. ეს არის ერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე დგას უსაფრთხოების ქოლგისა და რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრობის გარეშე.
სწორედ ამიტომ, მშვიდობა ჩვენთვის უალტერნატივო და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. ეს არის მომავალი, სადაც ჩვენი შვილები თავისუფლად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ.
უსაფრთხოება მოიცავს როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ განზომილებას. ეკონომიკური სიმტკიცის გარეშე პოლიტიკური დამოუკიდებლობა არის მყიფე და უკეთესი ცხოვრების იმედი საფრთხის ქვეშ დგება.
მიუხედავად რეგიონული არასტაბილურობისა და გლობალური გამოწვევებისა, მათ შორის, პანდემია, ენერგეტიკული კრიზისები, კონფლიქტები და გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, საქართველომ აჩვენა განსაკუთრებული მედეგობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა.
ქვეყნის მშპ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა სტაბილურად, ხოლო ისეთი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიები, გამოირჩეოდა ზრდითა და ინოვაციებით.
ძლიერი ფისკალური პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები და გამჭვირვალე რეგულაციები საქართველოს სანდო პარტნიორად და საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს.
ჩვენი პორტები, სატრანსპორტო დერეფნები და სავაჭრო ინფრასტრუქტურა აკავშირებს რეგიონს და არა მხოლოდ, რაც საქართველოს ვაჭრობისა და შესაძლებლობების ჰაბად აქცევს.
ეს წარმატება არის გაბედული პოლიტიკის, ღია ბაზრებისა და სტაბილურობისადმი მტკიცე ერთგულების შედეგი.
ეს გვიჩვენებს, რომ პატარა ქვეყანასაც კი, რთულ რეგიონში, შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა, სწორი ხედვითა და გამბედაობით.
მინდა შევეხო პრინციპს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს როლს რეგიონში: ჩვენ ვისწრაფვით ვიყოთ დამაკავშირებელი ხიდი და არა გამყოფი კედელი.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე, შავ ზღვაზე გასასვლელით, აკავშირებს კონტინენტებს, ბაზრებსა და ხალხებს. ეს მდებარეობა ერთდროულად პასუხისმგებლობაცაა და შესაძლებლობაც.
ჩვენი, როგორც დამაკავშირებელი ხიდის როლი, ევროპისთვის სასარგებლოა, დაკავშირებადობის გაძლიერების, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისა და ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ახალი ბაზრების გახსნით თვალსაზრისით.
ეს ასევე არის საერთო ფასეულობების ხიდი.
შესაბამისად, საქართველო არა მხოლოდ საკუთარ მომავალს უზრუნველყოფს, არამედ აძლიერებს ევროპის სტაბილურობას, კეთილდღეობასა და მდგრადობას, შავი ზღვა კი რეგიონული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კარიბჭედ გვევლინება.
ისტორიით, გამბედაობითა და პრინციპებით, საქართველო მტკიცედ დგას როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ფასეულობების ერთგული ერი.
ჩვენი გზა ნათელია – დავიცვათ სუვერენიტეტი, შევუწყოთ ხელი სტაბილურობას და ვიყოთ შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის ხიდი.
დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები სცდება ტრადიციულ სამხედრო ან ეკონომიკურ საფრთხეებს.
დეზინფორმაცია, ფაქტებით მანიპულირება და ცრუ ნარატივების განზრახ გავრცელება საზოგადოების დესტაბილიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და მოქალაქეთა პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოხდენის მძლავრ იარაღად იქცა.
ეს საფრთხეები გლობალურ ხასიათს ატარებს: ისინი საზღვრებს ისევე მარტივად კვეთს, როგორც ინტერნეტით გადაცემული მონაცემები და გავლენას ახდენს ყველა სახელმწიფოზე – მისი ზომისა და განვითარების დონის მიუხედავად.
საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებიც გარე ზეწოლას განიცდიან და გადაუჭრელი კონფლიქტების წინაშე დგანან , სიმართლის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
სიმართლე მდგრადობის ქვაკუთხედია.
ის მოქალაქეებისთვის შესაძლებელს ხდის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს იმოქმედონ კანონიერად და ქმნის იმ საერთო რეალობას, რომელსაც შეიძლება უსაფრთხოება, დემოკრატია და განვითარება დაეფუძნოს.
თანამედროვე საფრთხეებთან საბრძოლველად, სიმართლის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საზღვრების დაცვა ან ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
დასკვნის სახით, მინდა აღვნიშნო, რომ საერთო რისკების სამყაროში, ნამდვილი უსაფრთხოება ეფუძნება პასუხისმგებლობას, დიალოგს და მშვიდობის, სტაბილურობისა და ყველა სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას”, – განაცხადა საგარეო საქმეტა მინისტრმა.
