ბრიტანულმა პოლიციამ მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ძმა, 65 წლის ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორი დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ყოფილი პრინცი ენდრიუ სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული.
„გამოძიების ფარგლებში დღეს, 19 თებერვალს სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 65 წლის მამაკაცი ნორფოლკიდან და ბერკშირსა და ნორფოლკში ჩხრეკა ჩავატარეთ. მამაკაცი პოლიციაშია გადაყვანილი და დაკავებულია“, – ციტირებს BBC ადგილობრივ პოლიციას.
კონკრეტულად, რას ედავებიან ენდრიუს, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ იანვარში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ენდრიუს ჯეფრი ეპშტეინთან რეგულარული მიმოწერა ჰქონდა. ისინი განიხილავდნენ პოტენციურ ბიზნეს გარიგებებს, სოციალურ შეხვედრებსა და ქალებს, რომელთა გაცნობასაც ფინანსისტი პრინცს სთავაზობდა.
ბრიტანეთის მეფის ძმა უარყოფდა ამერიკელი ფინანსისტის დანაშაულებთან კავშირს და ამბობდა, რომ მასთან ურთიერთობა 2008 წელს, განაჩენის გამოტანის შემდეგ შეწყვიტა. მისი თქმით, ისინი 2010 წელს ნიუ-იორკში შეხვდნენ, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ ურთიერთობისთვის წერტილი დაესვათ.
ეპშტეინის ერთ-ერთი მსხვერპლი, ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე ამბობდა, რომ 17 წლის ასაკში ენდრიუსთან სექსუალური კავშირი სამჯერ ჰქონდა. ჯუფრემ 2025 წლის აპრილში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დიდი ბრიტანეთის მეფემ 2025 წლის ოქტომბერში ენდრიუს პრინცის ტიტული ჩამოართვა.
