ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დახმარების სისტემის მაქსიმალური მიზნობრიობისა და ეფექტიანობისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმება იწყება.
უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან ერთად, პარლამენტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მხარეებმა პროცესის ობიექტურად და ეფექტურად წარმართვის გზები განიხილეს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა რეალურად სჭირდებათ.
„2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი თუმცა, არსებული მონაცემები სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან წლების განმავლობაში, არ ხდებოდა რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც ფაქტობრივად, აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
